რეკლამა
ზუგდიდში "მილენიუმის" პროექტში 5 სკოლაა ჩართული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიის მეორე კომპაქტის ფარგლებში, ზუგდიდის მე-4 და მე-8 საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მილენიუმის პროექტით 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროცესი თითქმის დასრულებულია, ხდება სკოლების დასუფთავება და სასწავლო წლისთვის მომზადება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჩვენი მოსწავლეები ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სკოლებში მიიღებენ განათლებას“-აღნიშნა სკოლების დათვალიერებისას გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "მილენიუმის“ პროექტში მე-10, მე-8, მე-4, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი სკოლებია ჩართული.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაფტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლები აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.