რეკლამა
ზუგდიდის განახლებული საჭადრაკო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
ზუგდიდის განახლებული საჭადრაკო სკოლა დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ვხსნით განახლებულ საჭადრაკო სკოლას, სადაც ბევრი ღირსეული მოჭადრაკე აღიზრდება. ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს აქვს უდიდესი საჭადრაკო ტრადიცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, ამ სკოლაში, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს, კიდევ ბევრი ჩემპიონი აღიზრდება", - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი შენგელიამ.

გახსნის ცერემონიალში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, სპორტის დამსახურებული ოსტატი ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოჭადრაკეები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ზუგდიდი ნამდვილად იმსახურებდა ამ პროექტის განხორციელებას - "მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრადიციები, რაც ამ კუთხეს გააჩნია, გაგრძელდება და უნიჭიერეს ახლაგაზრდებს ვიხილავთ ამ სკოლიდან".

საჭადრაკო სკოლის განახლებისთვის 904 367 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი. არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული. მოეწყო დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. აგრეთვე მოეწყო წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდა შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.