რა უნდა გააკეთონ ხანდაზმულებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი
ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსის რეალიზება? ეს კითხვა
განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან როგორც ბიბისი კვლევებზე დაყრდნობით
წერს, უსაქმოდ დარჩენილი მოხუცები სახლში ტელევიზორებთან სხედან და
ხშირად ეწყებათ ფსიქოლოგიური პრობლემები - დეპრესია, მოწყენილობა და
ქრონიკული დაავადებები.

ასევე შემაშფოთებელია მარტოდ დარჩენილთა რიცხვი. დიდ ქალაქებში
მარტოხელა ადმიანების რაოდენობა 40% შეადგენს. კვლევამ აჩვენა, რომ
მარტოდ დარჩენილები უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს და ხვდებიან
საავადმყოფოში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზე დაბალია, ვიდრე
ადამიანების, ვინც პარტნიორებთან ერთად ცხოვრობს.
საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი ამ შემაძრწუნებელი სიტუაციიდან - ეს
არის ე.წ. მესამე ასაკის უნივერსიტეტი. მოხალისეების ასეთი აქტივობა
დიდი პოპულარობით სარგებლობს დღეს ბრიტანეთში.

სოციოლოგები მესამე ასაკობრივ კატეგორიას მიაკუთვნებენ ადამიანებს,
როცა ისინი პენსიაზე გადიან, მაგრამ ამავე დროს აქვთ სურვილი,
მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ. სწორედ მათთვის შემუშავდა ეს
შეთავაზება - მესამე ასაკის უნივერსიტეტი.
პირველად ასეთი ჯგუფი საფრანგეთის ქალაქ ტულუზას უნივერშიტეტში, 1973
წელს შექმნეს. ახლა უკვე ეს მოდელი ფართოდ გამოიყენება გერმანიაში,
ნიდერლანდებში, იტალიაში, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

ბრიტანეთში იდეა განვითარდა და მიიღო სულ სხვა ფორმა. ამ კუთხით
მომუშავე ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც გასული წლის ივლისში დაარსდა,
ამჟამად 450 მსმენელი ჰყავს. ეს გასაოცარი ზრდაა ასეთი მოკლე
პერიოდისთვის. დაწესებულების ხანდაზმული სტუდენტები განიხილავენ
ისტორიულ მოვლენებს, სწავლობენ ენებს, ქარგვას, იგეგმება ტურები,
ხდება ღვინის დეგუსტაცია, სიმღერის გაკვეთილები და მრავალი სხვა. დღეს
ბრიტანეთში 11 ათასი მესამე ასაკის უნივერსიტეტი არსებობს, რომელიც
დიდი პოპულარურობით სარგებლობს.