„იცით თუ არა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი სერიოზულად მიიჩნევს, თითქოს
აუტიზმი ადამიანიდან ადამიანზე,
გადადის როგორც გრიპის ვირუსი. მშობლები უკრძალავენ ბავშვებს
„განსხვავებულ“ თანატოლებთან მიახლოვებასაც, იმის გამო, რომ არ
დაინფიცირდნენ“, - მეუბნება ჩემი კოლეგა რუსეთიდან და მე არ ვუჯერებ
ჩემს ყურებს, წერს
ბიბისის
ჟურნალისტი ანნა კუკი. დასძენს, რომ ეს მოსაზრება მის პრაქტიკაში
აუტიზმის შესახებ გამოთქმული ყველაზე სულელური გამონათქვამების
რეიტინგის უპირობო ლიდერია.
ჟურნალისტის სიტყვებით, ამავე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს
მოსაზრება, რომ ბავშვი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა კარმის
გამო, რაც გამოიწვია მისი ან მშობლების წინა ცხოვრებაში ჩადენილმა
ცუდმა საქციელმა.
მესამე ადგილზეა მტკიცება თითქოს აუტიზმი საერთოდ არ არსებობს და ეს
მხოლოდ მოდური დიაგნოზია.
„ყველა ეს მოსაზრება იმდენად სულელურია, რომ არც კი აქცევ ყურადღებას,
მაგრამ მაინც გწყინს, მხოლოდ იმიტომ, რომ უჩვენებს, თუ როგორ გაურბიან
აუტისტ ბავშვებს და მის მშობლებს“, - ამბობს ჟურნალისტი.

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება,
რომლითაც მსოფლიო მხარს უჭერს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე
ადამიანების უფლებების დაცვას და ხმას იმაღლებს დისკრიმინაციის
წინააღმდეგ.
როგორც ბიბისი წერს, ხშირად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე
ბავშვების მშობლები ატარებენ სპეციალურ ბარათებს და გამვლელებს
ურიგებენ იმ შემთხვევაში თუ ისინი ბავშვის უჩვეულო საქციელის გამო
შენიშვნას გამოთქვამენ.
ამ სავიზიტო ბარათზე შემდეგი წარწერაა:
„ჩემს ბავშვს აუტიზმი აქვს;
აუტიზმი ფსიქიკური განვითარების დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს
ბავშვის კომუნიკაციის უნარზე და მის ჩვევებზე;
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ზედმეტად ემოციურები არიან,
უცნობმა სიტუაციამ და არასწორმა მიმართვამ შეიძლება შეცდომაში
შეიყვანონ ისინი;
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას თუ მოთმინებას გამოიჩენთ და გაგებით
მოეკიდებით“.
როგორც ჩანს საჭიროა ბარათის მეორე მხარეს დაემატოს წარწერა: „აუტიზმი
გადამდები არ არის“.