ევროპაში წელს შესაძლოა ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეკორდი
მოიხსნას.
ბოლოს ასეთი ამინდები აქ 1977 წელს დაფიქსირდა. ბიბისიმ მოიკვლია რა
პრობლემები შექმნა და როგორ უმკლავდებიან სიცხეს ევროპის დიდ
ქალაქებში.
პორტუგალიის ხელისუფლებამ მოსახლეობა გაფრთხილა ალკარვის რეგიონში
ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, სადაც დაახლოები 700 მეხანძრე ებრძვის
ცეცხლს. პორტუგალიის ზოგიერთ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ 46-47
გრადუსს მიაღწია.

საფრანგეთის ჩრდილოეთით La Flesch კომუნაში, ზოოპარკში ცხოველები
მაღალი ტემპერატურის გამო იტანჯებიან. მათ ზოოპარკის თანამშრომლები
წყალში გაყინულ ხილს აწვდიან. საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროს
მცხოვრებლები მარაგდებიან ქუდებითა და ქოლგებით.

ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ კვირას მაღალი სიცხის
შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით,
საფრანგეთის საზღვარზე, ცეცხლი მძვინვარებს, რომელსაც საჰაერო
ვერტმფრენების დახმარებით აქრობენ. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურა 44
გრადუსია. მოქალაქეები ძირითადად ზღვის სანაპიროზე გადიან, ან
შადრევნებთან გრილდებიან.

გერმანიის ქალაქების ქუჩებში გამოჩნდნენ წყლის ჭავლის მანქანები,
რომელსაც ზოგადად დემონსტრაციის დროს ხალხის დასაშლელად იყენებენ.
ახლა კი ხეებს რწყავენ. ერთ-ერთი ასეთი მანქანა ანგელა მერკელის
რეზიდენციასთან შეამჩნიეს.

ნიდერლანდებში, გერმანიის საზღვართან, გასულ კვირას წყლის დონე
საგრძნობლად დაეცა. ამასთან ხელისუფლება იძულებული გახდა საავტომობილო
გზების ნაწილი დაეხურა, რადგან მაღალი ტემპერატურის გამო ასფალტმა
დნობა დაიწყო.
იტალიის ჩრდილოეთით ჯერ კიდევ რეკორდულ სიცხეს ებრძვიან. რომში
მოსახლეობას ქუჩებში წყალს უფასოდ ურიგებენ.

შვეიცარიაში მყინვარები დაფარეს სპეციალური ქსოვილებით მათი ლღვობის
პროცესის შესაჩერებლად. ძაღლებს ფეხის გადახურების თავიდან
ასაცილებლად ფეხსაცმლები ჩააცვეს, თევზები კი გადაიყვანეს სპეციალურ
წყალსაცავებში. მეცნიერები ასეთ ძლიერ სიცხეებს ნაწილობრივ გლობალური
დათბობით ხსნიან.

ბალტიის ზღვაში ბანაობა იკრძალება, მაღალი ტემპერატურის გამო წყალში
გავრცელდა ადამიანისთვის საშიში შხამიანი წყალმცენარეები.

შვედეთში მყინვარი დნება. მეცნიერების დაკვირვებით ის დღეში რამდენიმე
სანტიმეტრით იკლებს. „გლობალური დათბობის შედეგები არსად ასე კარგად
არ ჩანს როგორც აქ“, - ამბობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერი
გუნჰილდა როსკვისტი.