კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული
იპოვეს, გადარჩა.
ახლა ის თავს კარგად გრძნობს.
31 იანვარს, როცა პატრონმა კატა სახელად ფლაფფი თოვლში იპოვა, მისი
ფუმფულა თმები მთლიანად დაფარული იყო ყინულით. გარეთ კი ამ დროს
ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იყო.
პატრონმა კატა უმალვე ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა. ფლაფფის
სხეულის ტემპერატურა ექიმთან ვიზიტის დროს იმდენად დაბალი იყო, რომ
ვერ გაზომეს. ექიმებმა ვერ შეძლეს მისთვის სისხლის გადასხმაც.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ახლმა ამბავმა ყველა გააოცა -
კლინიკამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სასიხარულო
ინფორმაცია, კატის საოცარი გადარჩენის შესახებ. ინფორმაციას თან
ერთვოდა გაყინული და გამოჯანმრთელებული ფლაფფის ფოტოები.
„მათ გამოიყენეს რამდენიმე განსხვავებული მეთოდი, რათა ცხოველისთვის
სხეულის ტემპერატურა გაეზარდათ. მათ შორის თბილი წყლით, ფენით და
თბილი პირსახოცებით გადნობა. შემდეგ კი ფლაფფი მოათავსეს თბილ
თავშესაფარში“, - უთხრა ტელეარხ სიენენ-ს კატის პატრონმა.
როგორ აღმოჩნდა ცხოველი თოვლში და როგორ გაიყინა, მან არ იცის.
ამბობს, რომ ოჯახის წევრები სახლში არ იყვნენ და უკან მობრუნებულზე
გაყინული კატა თოვლში შემთხვევით იპოვეს.
ვეტერინარები ამბობენ, რომ მათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა პირველი
იყო.

„ვეტერინარად ვმუშაობ უკვე 24 წელია და ასეთი რამ მანამდე არ
მინახავს. კატას ყინულის ლოლოები ეკიდა. ყინული მთელს ტანზე იყო“, -
ამბობს ექიმი კლარკი. მისი სიტყვებით, ფლაფფის სხეულის ტემპერატურა
იყო 32 გრადუსზე ნაკლები, მაშინ როცა ნორმალურ მდგომარეობაში ცხოველის
სხეულის ტემპერატურა ადამიანისაზე მაღალია, დაახლოებით 39
გრადუსი.
ვეტერინარი ამბობს, რომ ცხოველის ტემპერატურა თუ 31 გრადუსზე დაბლა არ
არის, მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ცხოველის მოყინულობისას, ვეტერინარები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში
მის გათბობაზე ვიზრუნოთ. მნიშვნელოვანია, ეს გავაკეთოთ ეტაპობრივად და
ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვეცდებით ცხოველის სწრაფად
გათბობას, წყლით ან ცხელი ჰაერით, უარეს შედეგს მივიღებთ და შეიძლება
მისი გადარჩენის შანსიც გავუშვათ ხელიდან.