ვიდეო
„ჩელას“ ახალი წლის მოლოცვის მეგრული ტრადიცია [Video]
„ახალ წანას მიგახვამანთ,
ღორონთქ გოითანუან,
ენა ჯვეში შხვა ახალი
ირფელამო გეხარი!..“

ოდითგანვე ამ სიმღერით ულოცავენ მეგრელები ერთმანეთს ახალ წელს. ეს არის ამონარიდი სიმღერიდან „კირიალესა“, რომელიც ქართულად ასე ითქმის - გილოცავ თახალ წელს, ღმერთმა მრავალი გაგითენოთ, გაიხარეთ...

„კირიალესა“ ახალი წლის ღამეს სრულდება. მომღერალთა გუნდი 31 დეკემბრის ღამეს მიდის მეგობრების, ახლობლების, ნათესავების, უცნობი ადამიანების ოჯახებში და შინ შესვლამდე მღერიან.

საუკუნოვანი ტრადიცია სამეგრელოში გრძელდება. 47 წელია ანსამბლი „ჩელა“ ზუგდიდელებს სახლში აკითხავს და „კირიალესას“ უმღერის. „ჩელას“ ხელმძღვანელი ბესკი ჭითანავა ამბობს, რომ სიმღერის სახელწოდება „კირიალესა“ ბერძნული სიტყვიდან კირიალეისო-დან მოდის და ნიშნავს უფალო შემიწყალე. ფოლკლორისტის სიტყვებით, ადრე წირვა-ლოცვა სამეგრელოში ბერძნულ ენაზე ტარდებოდა და სავარაუდოდ სიმღერის სახელწოდებაც ბერძნულიდან მოდის.

„როგორც კი დღესასწაული დაფუძნდა, მეგრელმა გლეხმა, კოლხმა კაცმა შექმნა ეს სიმღერა. ამით კარდაკარ ულოცავდნენ ერთმანეთს და ეს იყო ერთ-ერთი სიყვარულის მინიჭების საგალობელივით. მეგრულში ეს არის - „ახალ წანას მიგახვამანქია“, ანუ ახალ წელს გილოცავო, და ალილოში კი არის -„ქირსეშობას მიგახვამანქ შობაშ მახარობელ ვორდა“ (ქრისტე შობას გილოცავ, მისი მახარობელი ვარ) ფაქტიურად ორი სხვადასხვა სიმღერაა, ორი სხვადასხვა ტექსტით, მაგრამ ემსახურება ერთსა და იმავეს. ნიშნავს მილოცვას, გახარებას ერთმანეთის, ხვავის და ბარაქის სურვებას, რომ ჰქონდეს შენს მასპინძელს“, - ამბობს ბესიკ ჭითანავა.

მომღერალმა ერთ-ერთი ახალი წლის ღამე გაიხსენა, როდესაც 400-მდე ოჯახში მივიდნენ:

„ერთხელ გვქონდა ასეთი დიდი, თეთრი ფორმატის დახვეული ქაღალდი და ყველა ოჯახში ვაწერინებდით ხელს, ვისთანაც მივიდოდით და მეორე დღეს რომ დავითვალეთ ეს ყველაფერი, თითქმის 400 ოჯახში ვყოფილვართ. წარმოიდგინეთ, თითქმის ყველა ოჯახში მოვსვით, ყველა ოჯახში სადღეგრძელო ვთქვით. 400 ჭიქას ვერფრით ვერ გაუძლებდა ადამიანი, თუ არა იმ ღამის რაღაცნაირი მადლი“.

ბესიკ ჭითანავას თქმით, საახალწლო-საშობაო სიმღერებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ის ცვლის ადამიანის განწყობას და დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ. სწორედ ამ რწმენას უკავშირებენ „ჩელას“ მომღერლები იმ ენერგიას და სიმღერის სურვილს, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, ერთ ღამეში„კირიალესა“ თუნდაც 400-ჯერ იმღერონ.

„შენი ნამღერი შენც უნდა გსიამოვნებდეს. როდესაც შენ, შენი სიმღერით ანიჭებ სიამოვნებას მსმენელს, გეამაყება“, - ამბობს ანსამბლის წევრი პაატა თოდუა.

ტრადიციის თანახმად, „კირიალესას“ მომღერლებს მასპინძელი კეთილი გულითა და კარგი განწყობით უნდა დახვდეს. „აკა მუთუნი ქიგემიძინი, ნაშაყარა ფარაშაა...“ - მოგროვილ ფულზე იქნებ რამე დამიმატო, ასეთი მოწოდებაც ისმის „კირიალესაში“. ტრადიციულად მიიჩნევენ, რაც უფრო მეტს გადაიხდის მასპინძელი, უფრო ბარაქიანი ახალი წელი ექნება მას.