საოკუპაციო ხაზთან მოცვის სანერგე მეურნეობა შენდება [ვიდეო/ფოტო]
ამ დროისთვის ჩარგულია მოცვის 2000 ნერგი. აპრილის ბოლოს, კიდევ ამდენს ელოდებიან ამერიკიდან, - გვითხრა პროექტის კონსულტანტმა ირაკლი დარცმელიამ.

„ეს არის მაღალი ხარისხის სერთიფიცირებული ნერგები, რომელიც ჩარგულია 50 ლიტრიან ქოთნებში სპეციალურ სუბტრაქტში, სუბტრაქტი კი შედგება ტორფის აგროპერლიტისა და ქვიშისგან. ნერგები გადაგვაქვს სადედე პლანტაციაში, საიდანაც მოხდება სხვადახვა სახეობის კალმების აღება ყოვეწლიურად, წელიწადში ორჯერ, შემდეგ კი კალმები განთავსდება სათბურში და დაახლოებით იგივე მოდელით, როგორც კოლხური ბზის გამოყვანა მოხდა. მოხდება მოცვის ნერგების გამოყვანაც“, - გვითხრა ირაკლი დარცმელიამ.

მისივე თქმით, რუხში გაშენებული მოცვის სანერგე მეურნეობა უკვე ერთ წელიწადში დაიწყებს ადგილობრივ ფერმერებისთვის ნერგების მიწოდებას.
„როგორც ნერგზე, ასევე ნაყოფზე მოთხოვნა მზარდია და ამ ეტაპზე ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოაქვთ ნერგები, სანერგე კი სრულად დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება მოცვის მასშტაბური სანერგე მეურნეობა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი დარცმელიამ.

მისივე თქმით, ახლადგამოყვანილი მოცვის ნერგები იმ სათბურში განთავსდება, სადაც ამჟამად კოლხური ბზის ნერგებია. ბზის ნერგების ნაწილი კი გასაჩუქრდება, ნაწილი - ეზოში დაირგვება.
კოლხური ბზის სანერგე მეურნეობა რუხში 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორამ“ აფხაზთის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს დახმარებით მოაწყო. მოცვის მეურნეობასაც „აგორას“ მიერ დაფუძნებული შპს „აგრო-აგორა“ ახორციელებს USAID-ის პროექტ „Zrda საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარების და ადგილობრივ თემში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების მხარდაჭერაა.