ზუგდიდში ექვთიმე თაყაიშვილზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა [ვიდეო]
„ფილმი დამუხტულია ეროვნული სულისკვეთებით, რომელიც დღეს ასე აკლია ჩვენს საზოგადოებას. ქართველ ხალხთან ერთად შევქმენით ფილმი. 7 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა მის შექმნაში და რამდენიმე კომპანიამ. ერთად გამოვხატეთ პატივისცემა ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ. ხალხმა დაუბრუნა თავისი სიყვარული ექვთიმეს“, - უთხრა „ლაივპრესს“ რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ.

ფილმის გადაღებები ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის თბილისში, გმირის მშობლიურ სოფელ ლიხაურში, ბათუმში, ყვარელში, პარიზსა და ლევილში.
ნამუშევარი, როგორც რეჟისორი ამბობს, ქვეყანას მოივლის, ისევე, როგორც თავის დროზე ეს ექვთიმე თაყაიშვილმა გააკეთა.
ფილმის ზუგდიდში ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი რეზო ჩხიკვიშვილი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზით არ დასწრებია. პრემიერაზე რეჟისორს თან ახლდა გიორგი მეგრელიშვილი, ვინც ჟან პიერს განასახიერებს.

„ადამიანი, რომელსაც ერთი სული აქვს გაძარცვოს ექვთიმე თაყაიშვილი. ეს არის გამტარი კინოფილმი, სადაც მოთხრობილია, თუ რამდენად მნიშვენლოვანია იბრძოლო ეროვნული განძის შესანარჩუნებალდ. ყველას ჩვენი ჯვარი და განძი გვაქვს სატარებელი ცხოვრებაში“, - აღნიშნა მსახიობმა.
ფილმის ბიუჯეტმა 340 ათას დოლარამდე შეადგინა. მისი ნახევარი რეჟისორმა დაფარა, დანარჩენი კი მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე კერძო კომპანიამ.

ნამუშევარი 14 აპრილს ჯვარში უჩვენეს. ხვალ პრემიერა თერჯოლაში, შემდეგ ლეჩხუმსა და სამტრედიაში, აბაშაში და ახალციხეში გაიმართება. უკვე 26 აპრილს ფილმს ჰოლანდიაში საქართველოს საელჩოში წარადგენენ.
„მაისიდან ვიწყებთ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას“, - გვითხრა რეჟისორმა.
ფილმის პრემიერა ზუგდიდში მერიის ორგანიზებით შედგა.

საბჭოთა წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, 1921 წელს, მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება, სამუზეუმო განძი და გაქცეულიყვნენ საფრანგეთში ემიგრაციაში. მათ ყველა ნივთის შეკრება დაავალეს ისტორიკოსს, არქეოლოგს და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს, რომელმაც ეროვნული საგანძურის შენარჩუნება შეძლო. ნივთები ამერიკული თვითმფრინავებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში დააბრუნეს. განძს ექვთიმეც გამოყვა.
2002 ქართულმა ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა.