ვიდეო
ვარდების სათბური საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო/ფოტო]
საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური მოაწყო. „მამაკაცები იშვიათად ინტერესდებიან ყვავილების მოშენებით, მე ბავშვობიდან მიყვარდა და ახლაც სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. ვარდი ფაქიზი ყვავილია, სათუთად მოპყრობა სჭირდება“, - გვითხრა ფერმერმა.

მისი თქმით, საყვარელი საქმე რომ წარმატებულ ბიზნესად იქცეს, მეტი განათლების მიღებაა საჭირო, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

„ფერმერების ცოდნის დონის ამაღლებას, მათთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევას და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. 2000 ნერგი ჩამოვიტანე. აგრონომის კონსულტაცია რომ მქონოდა, ყველას გავახარებდი დანაკარგის გარეშე. სანამ ხელს მოვკიდებდი, საჭირო ლიტერატურა წავიკითხე. თითქოს ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ მხოლოდ თეორიული ცოდნა არ ყოფილა საკმარისი“, - გვითხრა ნიაზ შონიამ.

ამბობს, რომ ყვავილების რეალიზაციისთვის უკვე მოლაპარაკებები აქვს გამყიდველებთან, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებთანაც.

„რეალიზაციის პრობლემა არ მექნება, უკვე ჩამოდიან სხვადასხვა რაიონიდან, საბერიოდანაც მოდიან, მაგრამ სათბურის საბოლოო მოწყობის შემდეგ ყვავილების მაღაზიის გახსნას ვგეგმავ. მინდა, რომ მე თვითონ გავყიდო ჩემი ყვავილები“, - ამბობს ფერმერი.

ვარდების სათბურისთვის საჭირო რკინის კონსტრუქცია ნიაზ შონიამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის, ზრდას პროექტის ფარგლებში მიიღო.