დამოუკიდებლობის დღეს გაცოცხლებული ისტორია, უძველესი მეგრული კერძებითა და ღვინით [ვიდეო]

ზუგდიდის მთავარ მოედანზე ისტორიული ფოტოების გამოფენითა და სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობის მოწყობით, ორგანიზატორები 100 წლის წინანდელი საქართველოს გაცოცხლებას გეგმავენ. ჩატარდება სხვადასხვა სფეროს ოსტატების მასტერკლასები. დამზადდება მივიწყებული მეგრული კერძები, გამოიფინება უძველესი მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, მოეწყობა თაფლის და რძის ნაწარმის კუთხე.

ბულვარის მიმდებარედ, ძველი სახლის აივანზე თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ისტორიულ ფაქტს, როცა მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნეს. მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა, რა დროსაც გიმნაზიის სტუდენტების სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები ქუჩებში დაყრიან დეპეშებს, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამცნონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ.

ცალკე პავილიონები დაეთმობა მწვანე სივრცეს, სადაც ხელთნაკეთი ყვავილების პარალელურად ცოცხალი მცენარეების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. იქნება წიგნების სივრცე, რომელიც თავისმხრივ გულისხმობს წიგნადი ფონდის გამოფენას და შემეცნებით თამაშებს. დღის განმავლობაში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები, საღამოს 19:30-დან კი დაიწყება გალაკონცერტი.