ბი ბოტი - ფეისბუკს მიბმული ქართულენოვანი სისტემა ზუგდიდელი მოზარდისგან [ვიდეო]
ბი ბოტი სხვა ბოტების მსგავსად „ფეისბუკის“ მესენჯერსაა დაკავშირებული და ისე ეძებს მკითხველისთვის სასურველ ინფორმაციას 57 ღილაკის გამოყენებით, რომელთაგან ნაწილი გასართობ ფუნქციას ეთობა, დანარჩენი შემეცნებით თემატიკას. მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლემ ჯერ უცხოური მესენჯერ ბოტი ნახა, რის შემდეგაც თავადაც მოუნდა მსგავსის ამოქმედება, მხოლოდ მშობლიურ, ქართულ ენაზე.

„თქვენ არ მოგიწევთ სხვადასხვა აპლიკაციის და ბრაუზერის გამოყენება. უბრალოდ ჩაწერთ ბიბ ძებნას, აირჩევთ საიტს და კონტენტის შესაბამის კითხვას დაუსვამთ. ის წამებში დაგილინკავთ ამა თუ იმ ინფორმაციას“, - უთხრა „ლაივპრესს“ ბექა შეროზიამ, რომელიც თავადაც აქტიური მომხმარებელია საკუთარი შემოქმედების და მას ხელოვნურ ინტელექტს უწოდებს.
დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნილ ბი ბოტს უკვე 14 ათასამდე გამომწერი ჰყავს. სისტემა ყოველდღიურად 5 ათასზე მეტ კითხვას პასუხობს ტურიზმის, ბიზნესის, განათლების თუ სხვა თემატიკის ირგვლივ, ვიდეოებთან ერთად წერილობითი ლინკების სახით.
ხელოვნურ ინტელექტს სახალისო ფუნქციებიც აქვს, როგორიცაა „გოგოს რეჟიმი“, „ბოტური გარჩევა“. ასევე „ჩემი მოკლე ბიოგრაფია“ გადარჩენის ფუნქციით. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი „დაიკარგება“, ბი ბოტი მას საკუთარ ადგილსამყოფელს ამცნობს. სისტემა სიმულაციური შესაძლებლობებითაცაა უზრუნველყოფილი, რაც გულისხმობს ინტერნეტპერსონაჟების პაროდიებს.

ბექა შეროზია ახალი იდეების განხორციელებასაც აპირებს. გეგმებზე ჯერ ღიად საუბარს ერიდება. თუმცა ამბობს, რომ მომხმარებლების ინტერესს გაითვალისწინებს და იმ ფუნქციებს, რომლებზეც დიდია მოთხოვნა, კიდევ მეტად განავითარებს.
„ლაივპრესზე“ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მისით ზუგდიდის ტექნოპარკი დაინტერესდა და ახალგაზრდა ბიჭს თანამშრომლობა შესთავაზა. დაჰპირდნენ ბი ბოტის განვითარებაში დახმარებასაც. ბექას სხვა გატაცებაც აქვს. ის საიტ Mol.ge -ზე ფილმებს ახმოვანებს.