ვიდეო
საზაფხულო სკოლა წიგნების მოყვარული მოზარდებისთვის [ვიდეო]
ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც გართობის პარარელურად, ბავშვებისთვის შემეცნებითი სწავლებებით იქნება დატვირთული. ორი კვირის განმავლობაში ისტორიის, ბუნების, სახალისო მათემატიკის და რელიგიის საათის გარდა, დაწყებითი კლასის მოსწავლეები დადიანების მუზეუმს ეწვევიან, სადაც მათ ჩვენი კუთხის შესახებ საინტერესო ამბებს მოუყვებიან. გასვლითი ღონისძიებები მოეწყობა ტექნოპარკში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კი მათ უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გაესაუბრება. ამას გარდა, პატარებს ხატვას, ხელოვნებას, მუსიკას, მხატვრულ კითხვას შეასწავლიან და ზოგადად, გამართულად კითხვაში ავარჯიშებენ. ერთი დღე მხიარულ სტარტებსაც დაეთმობა.

პროექტის განხორციელების იდეა „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელ მადლენა დამენიას ეკუთვნის. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ამ ყველაფრის მიზანი არდადეგების პერიოდში წიგნთან კავშირის შენაჩუნება და ბავშვების ინტელექტუალური დონის გაუმჯობესებაა. ასევე ბიბლიოთეკის პოპულარიზება. დღეს აქ მხოლოდ 27 მოსწავლე ჰყავთ. ისინი დილის 11:00 საათიდან ოთხ საათამდე გართობის პარარელურად, მათთვის საჭირო ინფორმაციას ეცნობიან.

მაგალითად, დღეს ჩვენ ისტორიის გაკვეთილს დავესწარით. პედაგოგი შეკრებილებს მიმართავდა კითხვით, თუ ვინ იყო თამარ მეფე, ვახტანგ გორგასალი, რა გვარის იყვნენ ქართველი მეფეები. ინტერაქტიულ გამოკითხვაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ ამ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს.

„ჩვენი სკოლის დევიზია - ზაფხული, მე და ბიბლიოთეკა. ხალისობენ ბავშვები. ჩვენც მათთან ერთად“, - გვითხრა მადლენა დამენიამ.

„ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელი მადონა მაქაცარია ამბობს, რომ საზაფხულო სკოლის მოსაწყობად სულ 63 ლარი დაიხარჯა, ისიც საკანცელარიო ნივთებისთვის, პედაგოგები კი პროექტის განხორციელებაში მოხალისეობრივად ჩაერთვნენ. იგეგმება შენობის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაკვეთილების ჩატარებაც, რომელიც სამეცნიერო შინაარსის იქნება. მისი თქმით, აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა არამხოლოდ ბიბლიოთეკის მკითხველებს და მათი კლუბების წევრებს, არამედ სხვა მსურველ ბავშვებსაც შეუძლიათ. ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სკოლას უკვე ხვალიდან შეუერთდება.

„ეს ასაკობრივი ჯგუფი როგორც კი ჩაივლის, მერე დაიწყება მეექვსე-მეცხრე კლასელებთან მუშაობა. იქ სხვანაირი მიდგომა იქნება, ნაკლები გართობა, უფრო მეცნიერული სახით მუშაობა. მგონია, რომ ეს მეტ ნაყოფსაც მოგვცემს“, - გვითხრა მადონა მაქაცარიამ.

საზაფხულო სკოლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის 20 ივლისს დაიხურება.