ვიდეო
გერმანულმა როკ ჯგუფმა ზუგდიდში კონცერტი გამართა [ვიდეო]
არა ნარკოტიკებს - ამ შინაარსის კონცერტ-აქცია გამართა გერმანულმა როკ ჯგუფმა ზუგდიდში. „Brain Washed-მა“ ადგილობრივ ახალგაზრდებს საკუთარი მუსიკალური პროგრამა შესთავაზა და სცენიდან მოუწოდა, რომ ნარკოტიკები სასიკვდილოდ მავნებელია ადამიანებისთვის, და რომ უარი თქვან მათ მოხმარებაზე.

ტურნეს ფარგლებში მუსიკოსები საქართველოს პირველად სტუმრობენ. ჯგუფის სოლისტმა ეკჰარდ ბაუმანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მას ძალიან მოეწონა ხალხი ხასიათის გულღიობით. ასევე ბუნება და მთები.

„ვიცით, რომ არის ბევრი ადამიანი, ვისაც აწუხებს პრობლემა და არის ნარკოდამოკიდებული. ჩვენც გვყავს მეგობრები, რომლებიც ამის გამო დაიღუპნენ. გვინდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რომ არ მოიხმარონ ნარკოტიკი. ეს არის წრე, სადაც თუ შეხვედი, ვეღარ გამოხვალ. ასე რომ, არ მიიღოთ ნარკოტიკი. ჩვენ ჩვენი პროფესიით ვცდილობთ დახმარებას, მოვუწოდებთ მათ, უარი თქვან ნარკოტიკზე, რადგან ის ჩაგძირავთ. ეს არის ჩვენი მესიჯი ახალგაზრდებისთვის“, - განმარტა ჯგუფის სოლისტმა.

კონცერტის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „აირჩიე სიცოცხლე“. აღმასრულებელი დირექტორის, ლევან კალოიანის თქმით, ისინი არ უწევენ პროპაგანდას მავნებელ ნივთიერებას, პირიქით, ამბობენ, რომ ნარკოტიკი ცუდია და მის წინააღმდეგ გამოდიან.

ზუგდიდამდე ღონისძიება ბათუმსა და ქობულეთში გაიმართა. ტურნეს ისინი ქუთაისით განაგრძობენ. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ერევანში დასრულდება.

გერმანელ მუსიკოსებამდე მაყურებლის წინაშე სასიმღერო ნომრები შეასრულეს უკრაინული ჯგუფის - „One night inside-is” წევრებმა.