გიგა ენგურის ხიდთან გაჩერდა [ვიდეო]
„ყველაზე რთული ყოფილა გაჩერება, აქ გაჩერება. ყველანაირი ტკივილი გავიწყდება, ყველაფერი რაც გამოიარე და უცებ გაჩერება. მე ვფიქრობ, რომ მე ჩემს თავს ვაჯობე და თუ 2-3 ადამიანს მაინც ეს მუხტი ვაჩუქე, ვარ ძალიან ბედნიერი“, - თქვა ენგურის ხიდთან გიგა მაქარაშვილმა.
33 წლის სამოქალაქო აქტივისტმა 368 კილომეტრი 14 დღეში გაიარა. მან აქცია სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავს მიუძღვნა.
გიგა მაქარაშვილს, რომელმაც ზუგდიდში წუხელ ერთი ღამით შეისვენა, ენგურის ხიდამდე მსვლელობა დილიდან განაახლა. გზაში მას ზუგდიდელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, ენგურის ხიდზე მისულს კი ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დახვდნენ.
აქციის მონაწილეებს მიჰქონდათ ბანერი წარწერით „აფხაზეთი საქართველოა“. პარალელურად კი ქალაქის ქუჩებში სტიკერებს აკრავდნენ და აკეთებდნენ წარწერებს „რუსეთი ოკუპანტია“.