სამეგრელო საექსპორტო ჰაბად უნდა იქცეს - შესაძლებლობები ფერმერებისთვის ევროპის ბაზარზე მოსახვედრად [ვიდეო]
ორგანიზაციის პროექტების მენეჯერის, ნანა ყურაშვილის თქმით, ამისთვის 23 ორგანიზაციის მიერ შეიქმნა საინფორმაციო რესურს მაგიდები ქვეყნის შვიდ რეგიონში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში. ისინი კონსულტაციებს და შეხვედრებს მართავენ მოქალაქეებთან, განსაკუთრებით ფერმერებთან.
„აწვდიან ინფორმაციას ამ ხელშეკრულების შესაძლებლობებზე, იმ ახალ რეგულაციებზე, რაც შემოდის ჩვენი ქვეყნის ფერმერებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საექსპორტოდ საქონლის გატანაზე“, - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის, თეა კუნჭულიას განმარტებით, ეს რეგულაციები 2027 წლამდეა გაწერილი. 272 რეგულაცია მხოლოდ სოფლის მიმართულებას ეხება. წელს დაახლოება 24 მათგანთან უნდა მოხდეს. ამოქმედების ვადები, აღნიშნა, რომ ვარირებს იმის მიხედვით, რამდენად რთული იქნება მისი შესრულება ადგილობრივი წარმოებისთვის.
„ეს მძიმე ტვირთი შეიძლება იყოს მაშინ, როცა მეწარმეს ეუბნები, რომ ეს რეგუალციები დღეს ძალაში უნდა შეიყვანო. ამიტომ, ხდება პერიოდების განსაზღვრა ბიზნესთან კონსულტაციების მეშვეობით. წინასწარ იღებს მთავრობა ინფორმაციას იმის შესახებ, რა პერიოდია საჭირო მეწრამისთვის, რომ მან შეძლოს დანერგოს ახალი რეგულაციები“, - განაცხადა თეა კუნჭულიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, გარკვეული პრობლემების მიუხედავად, დღეს საქართველოში ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტი თხილია. ასევე გვაქვს თაფლი, კენკროვნები, ჩაი, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებთან ერთად, რითაც რეგიონის მოსახლეობას შეუძლია ევროპის ბაზარზე გასვლა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, მცირემეწარმეებს მხოლოდ ერთი პროცენტი აქვთ გადასახდელი, თუკი მათი ბრუნვა არ სცდება 500 ათას ლარს, რაც მნიშვლეოვანი შეღავათია ამ ადამიანებისთვის. სურვილის პარარელურად, გუბარნატორი განმარტავს, აუცილებელია სურსათის უვნებლობის სისტემების შესაბამის სტანდარტებთან დაახლოება, რის გარეშეც წარმატებას ვერ მიაღწევენ. ეს, მისივე თქმით, აუცილებელია როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე, ისე ევროპის ბაზრის ასათვისებლადაც.
თავის მხრივ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ დღის წესრიგში ნამდვილად დგას ფერმერთა და მცირემეწარმეთა დახმარება, ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის მოსახვედრად. მერაბ ქვარაიას განცხადებით, საჭიროა იმ შესაძლებლობების სრულად გამოყენება, რომელსაც მოცემული შეთანხმება ითვალისწინებს.
„დღეს მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ შეიძლება პორტთან სიახლოვის თვალსაზრისით, სხვა, მრავალი პარამეტრებიდან გამომდინარე, სამეგრელო გადაიქცეს იმ ჰაბად, სადაც სავაჭრო პოტენციალის მთლიანად მობილიზება და ჩვენი პროდუქციის ევროპაში გატანა“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
დღევანდელი შეხვედრა „ადამიანი გაჭირვებაში“ და პარტიონი ორგანიზაციის, „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ვაჭრობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.