ზუგდიდელი მოზარდები სოციალური კინოთეატრის ფართის ძიებაში [ვიდეო]
კინოთეატრის დაარსების სურვილი ახალგაზრდებში წლებია არსებობს, რადგან ქალაქის ერთადერთი კინოთეატრი „ატრიუმი“ 2015 წელს დაიხურა და მის ნაცვლად სლოტ კლუბი გაიხსნა. მანამდე, 2012 წელს კი 300 ადამიანზე გათვლილი დარბაზი 150 ადგილამდე შემცირდა მაყურებელთა სიმწირის გამო.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ კინოთეატრს მაყურებელი მოძველებული ფილმების ჩვენებების გამო არ ჰყავდა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სწორი მართვის პირობებში, კინოთეატრი მომგებიანი ბიზნესი გახდება.

ბიზნესგეგმა მოსწავლეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ პროექტ სოციალური მეწარმეობის განვითარების ფარგლებში შეიმუშავეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს.
ბაზრის მოკვლევას მოზარდები აპრილის თვიდან, სოციალური ქსელის საშუალებით, სპეციალური კითხვარის დახმარებით ატარებდნენ. სჭირდება თუ არა მოსახლეობას კინოთეატრი, რომელ ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას, რამდენს გადაიხდიდნენ ფილმის სანახავად, რომელ ენაზე ისურვებდნენ გახმოვანებას, თვეში რამდენჯერ მივლენ კინოთეატრში - ეს კითხვები დაუსვეს ახალგაზრდებმა ინტერნეტის მომხმარებლებს. მანამდე „საუნჯემ“ მოზარდების ჩართულობით განსაზღვრა, თუ რა საკითხზე სურდათ ახალგაზრდებს მუშაობა. პროექტის კოორდინატორ მარი შონიას თქმით, ზუგდიდში ძალიან ცოტაა გართობის საშუალება, ამიტომაც ახალგაზრდებისთვის ეს მიმართულება საინტერესო აღმოჩნდა.

პროექტის მონაწილეებმა ბიზნესგეგმის პრეზენტაცია მერიაში უკვე გამართეს. საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა კინოთეატრის შენობის შერჩევაში მათ დაეხმაროს.
ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება და ხელისუფლება კინოთეატრისთვის ფართს უახლოეს მომავალში გამოყოფს. მოზარდები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება სამუშაოს პირველი ნაწილი, უკვე შემდეგ ეტაპზე კი მოუწევთ კინოს ასამუშავებლად დონორის მოძიება.