ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების შეჯიბრი კულინარიაში [ვიდეო]
ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან სხვადასხვა სფეროში, აყალიბებენ კლუბებს და ატარებენ როგორც საინფორმაციო, საგანმანათლებლო, ასევე საქველმოქმედო აქციებს. ვინ როგორ იმუშავა ხუთი თვის განმავლობაში - ეს იყო საუბრის მთავარი თემა ამჯერად სივრცეში, სადაც მყუდრო გარემოში საქმიან საუბარს სახალისო შეჯიბრებები ერთვოდა. ღონისძიების მონაწილეები სხვადასხვა ასაკის იყვნენ. მათ შორის ხანდაზმულები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ასეთი შეკრება თავად ახალგაზრდების ინიციატივით მოეწყო.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროექტის კოორდინატორმა, ორგანიზაციის - „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა ედუარდ ფარცვანიამ გვითხრა, მოზარდებმა თავად ისურვეს მათზე გაცილებით უფროსი ასაკის ხალხთან გართობა და შეჯიბრი.
„მეგო ბარის“ სტუმრებმა ერთად დააგემოვნეს მოხალისეების მიერ მომზადებული მეგრული ხაჭაპური და იტალიური პიცა. დაგეგმილ აქტივობებს დაუგეგმავი სიმღერა და ცეკვა მოჰყვა.
როგორც ერთ-ერთმა სენაკელმა მოხალისემ, ლარისა ნაჭყებიამ გვითხრა, სენაკში ახალგაზრდებმა შექმნეს კლუბი „სიკეთის ხელი“, სადაც 50-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. ისინი ძირითადად დაკავებული არიან ქველმოქმედებით. სოციალური ქსელით აანონსებენ აქციებს, რომლებშიც სხვა მოქალაქეებიც მონაწილეობენ. მოხალისის თქმით, სენაკის კლუბი აქტიურად ჩაერთო აქციაში „გააზიარე სითბო“, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფთა თბილი ტანსაცმლით მომარაგებას ითვალისწინებს. სენაკელი სტუდენტის განმარტებით, პროექტის დასრულების მიუხედავად, მათი აქტივობები არ დასრულდება და კლუბი მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა სოციალური კაფეს აქტიურმა მომხმარებელმა, 86 წლის თალიკო კაკულიამ. აბობს, რომ ახალგაზრდების ასეთი ჩართულობა მას სიცოცხლეს უხალისებს და უხანგრძლივებს.
პროექტი „საქართველოს მოხალისე 2018“ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ დახმარებით ხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კი მას „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელობს. მისი მიზანია როგორც მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, ასევე საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება და მათ მიერ გაწეული შრომის წახალისება.