ზუგდიდის ყინულის სახლში ყინული დაადნეს [ვიდეო]
მისივე თქმით, საქმე რთულ დანადგარებს ეხება, ამიტომაც ყველა დეტალი მოწმდება, რათა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მერიას გამართული ობიექტი ჩაბარდეს.

„ყინულის მოედანზე ხორციელდება სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ეს მოიცავს ტექნიკურ მხარეს, კომპრესორების გამოცვლას, ახალი განათებების დამონტაჟებას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახმოვანებაც. როდის გაიხსნება, ამას მერია გადაწყვეტს“, - უთხრა გოჩა ჩიქოვანმა „ლაივპრესს“.
მისივე თქმით, მანამდე გუმბათი, რომლითაც სივრცეა გადახურული, გაიწმინდება და ტერიტორიაც სათანადოდ მოწესრიგდება.
ზუგდიდის ყინულის სახლს ორი მოწვეული სპეციალისტი ეყოლება. მოლაპარაკება საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციასთან უკვე შედგა. აქ ფიგურული სრიალის სასპორტო სკოლა იფუნქციონირებს. იქნება როგორც უფასო, ასევე ფასიანი წრეებიც, შემოსულ თანხას კი ყინულის სახლის შენახვას მოახმარენ. თუმცა, დაზუსტებით, რა როგორ განხორციელდება, ჯერ უცნობია.
საციგურაო მოედნის გარდა, სივრცე აერთიანებს სავარჯიშო, სატრენაჟორო, ქორეოგრაფიის ოთახს, გასახდელებს, ციგურების შესანახ ოთახს. ადმინისტრაციას.

ყინული სახლში 300-მდე ციგურები ინახება, თუმცა მათი შეძენა კიდევ იგეგმება.
გოჩა ჩიქოვანის თქმით, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ყინულის სახლი მუშაობას არც ზაფხულში შეწყვეტს, როგორც ეს წლების წინ მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ააიპ-ს, რომელსაც ხელმძღვანელობს, ჰოკეის განყოფილებაც აქვს, სპორტის ამ მიმართულების განვითარება ჯერ არ იგეგმება. თუმცა სამომავლოდ არაფერი გამორიცხა.
ყინულის სახლში ბავშვებს 4-5 წლის ასაკიდან მიიღებენ. მოედნის ირგვლივ დამონტაჟებული ტრიბუნები 800-მდე მსურველს იტევს. აქ 17 სპეციალისტი იმუშავებს, ყინულის სახლის მოვლის სხვადასხვა სახის მიმართულებით.
გოჩა ჩიქოვანი ამბობს, რომ ფიგურულ სრიალი პირველ რიგში ცხოვრების ჯანსაღი წესია, თუმცა იმედი აქვთ, რომ ზუგდიდში პროფესიონალი მოციგურავეებიც გაიზრდებიან და ქვეყანას საერთაშორისო მასშტაბით ასახელებენ.

ყინულის მოედნის სრული ფუნქციონირებისთვის სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი ლარია საჭირო. აქვს თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას საჭირო თანხები, მერიაში განმარტეს - მოვლა-პატრონობისთვის თანხები გათვალისწინებულია „სპორულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ბიუჯეტიდან, ხოლო ფუნქციონირებისთვის მიმდინარეობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება:
„დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა და მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან. შესაბამისი თანხები ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ ასახული იქნება ადგილობრივ ბიუჯეტში“.
„სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ რა ოდენობის სახსრებს გამოყოფს, ჯერ არ იციან.
ყინულის მოედანი წლებია არ ფუნქციონირებს. მის რეკონსტრუქციაზე გასულ წელს მერიამ 408 ათას ლარამდე დახარჯა.