ვიდეო
ნიკო დადიანის განახლებული სასახლე [ვიდეო/ფოტო]
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა. აქ მხოლოდ მცირე სახის სამუშაოებია დარჩენილი. მათ შორის სველი წერტილები ბოლომდეა გასამართი, ასევე კანალიზაციაც. სასახლე თანამედროვე სტანდარტების დაცვით პირვანდელ სახეს მაქსიმალურად მიუახლოვდა. კლიმატკონტროლი სამუზეუმო ექსპონატებისთვის, განათება, ვიდეოკონტროლი აღდგენილ შენობაში უზრუნველყოფილია. დაიგო ახალი იატაკი, გადაიხურა, გამოიცვალა ჭერი, დამონტაჟდა გათბობის სისტემა.

პირველი სართული ორი ფრთისგან შედგება. ერთ მხარეს დადიანების ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილი განთავსდება, სადაც დამთვალიერებელი ნახავს სამეგრელოს მთავრების მიერ გამოწერილ წიგნებს ევროპიდან, სხვადასხვაენოვან გაზეთებს, მათ შორის ფრანგულენოვანს, მიმოწერებს. სასახლის მეორე ფრთაში მოეწყობა არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის კუთხე, სადაც უძველესი ნიმუშები გამოიფინება.

მთავარი, დიდი საგამოფენო დარბაზი მეორე სართულზე მდებარეობს.

„ჩვენი სურვილი და მიზანია დამთვალიერებელმა ნახოს ყველაფერი, რაც შენახული გვაქვს საცავში და ისიამოვნონ იმ სიძველეებით და უნიკალური ნივთებით, რომელიც დადიანებს ჰქონდათ. აქ იქნება როგორც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ფერწერული ტილოები, გრაფიკა. შეიძლება გრავიურაც გამოვფინოთ, ფაიფურიც“, - უთხრა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ „ლაივპრესს“.

მისივე თქმით, დამთვალიერებლისთვის ბევრი უცნობი ნივთიც გამოიფინება. ამბობს, რომ გამოფენამდე წინასწარ გააკეთეს მონახაზი, თუ რას გამოფენენ. ზოგიერთ ექსპონატს რესტავრაცია უტარდება. მათ შორის არის ხუთი გობელინი.

სასახლის გახსნა ეკატერინე ჭავჭავაძის დაბადების დღეს, 19 მარტს სურთ დაამთხვიონ.

ნიკოს სასახლეს, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, ამ მასშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებია. აღდგენა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გაიღო. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.

სასახლის რეკონსტრუქციასა და დადიანების ევროპულ წარსულზე მუზეუმის დირექტორმა გადაცემაში „პირისპირ ლაივპრესთან“ ისაუბრა.