ვიდეო
ზუგდიდელი ახალგაზრდების ანიმაციას საერთაშორისო ფესტივალზე გაიტანენ [ვიდეო]
ზუგდიდში მეხუთე წელია ახალგაზრდები ანიმაციის ხელოვნებას ეუფლებიან, ეცნობიან და სწავლობენ, თუ როგორ გააცოცხლონ ნახატებით პერსონაჟები და საყვარელი გმირებით მოკლემეტრაჟიანი პროდუქტი შექმნან. ანიმაციის სკოლას, რომელიც ერთ პატარა, კამერულ ოთახს წარმოადგენს, დღეს ცხრა მოსწავლე ჰყავს. მათ ორი ანიმაციური ვიდეორგოლი უკვე მოამზადეს. ახლა კი ფილმზე მუშაობენ. ამ ყველაფერში მათ რეჟისორი, სცენარისტი და "ანიმაციის განვითარების ფონდის" თანამშრომელი არჩილ კუხიანიძე ეხმარება. ის თვეში ერთხელ, ორი დღით თბილისიდან საგანგებოდ ჩამოდის. ამას გარდა, ბავშვებთან კომუნიკაციას ონლაინაც ინარჩუნებს და კვირაში ორ-ორი საათით სკაიპ გაკვეთილებს ატარებს, იმისთვის, რომ ახალგაზრდები დისტანციურად მუშაობას შეაჩვიოს.

ფონდი, რომელსაც არჩილი წარმოადგენს, თბილისში 2008 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ანიმაციის განვითარებაა. ამიტომაც, სკოლები სხვა მუნიციპალიტეტებშიც აამოქმედეს. ერთი წელია ზუგდიდში სკოლა-სტუდია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაზაზე არსებობს. მანამდე სამხატვრო სკოლის შენობაში მუშაობდნენ.

პედაგოგის თქმით, ანიმაციის შექმნა იდეით იწყება, რომელზეც ისტორიას გამოიგონებენ. მზადდება სცენარი. ის შეიძლება მოგვითხობდეს მეგობრობაზე, სიკეთესა თუ სიყვარულზე, პერსონაჟების დახმარებით. შემდეგი კომპონენტი ფონებია, კადრირება, სადაც ნახატებით დგება მოვლენათა განვითარების ჯაჭვი.

"შემდეგ კონკრეტულ ანიმაციას აცოცხლებენ. მერე ვსწავლობთ მონტაჟს, როგორ შევიტანოთ დახატული ანიმაციები კომპიუტერში. დავამონტაჟოთ, დავფეროთ, მუსიკა დავადოთ, ხმაურები დავადოთ. ახალგარდები ძალიან მონდომებულები და ნიჭიერები არიან და ბევრად უფრო კარგად ხედავენ ანიმაციის მუღამს, ვიდრე ზოგჯერ დიდები, იმიტომ, რომ ჩემი სუბიექტური აზრია, ანიმაცია რომ აკეთო, ცოტა ბავშვი უნდა იყო", - უთხრა არჩილ კუხიანიძემ "ლაივპრესს".


დღეს მოსწავლეებთან ერთად მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე მუშაობენ. მისი ხანგრძლივობა მაქსიმუმ ოთხი წუთია. პროდუქტს საერთაშორისო ფესტივალ "თოფუზის" კონკურსზე გაიტანენ, რომელიც ბათუმში შემოდგომაზე გაიმართება. ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ანიმატორებს, რეჟისორებს, მხატვრებს და კომპოზიტორებს ელოდებიან. მათთან შეხვედრის და იდეების გაზიარების შესაძლებლობა კი ამ დროს პატარა ანიმატორებსაც ექნებათ.

ზუგდიდის ანიმაციის სკოლის მოსწავლეები კონკურსისთვის უკვე ემზადებიან. მუშაობენ ფილმზე, რომელიც სიკეთეს გვასწავლის. ამბობენ, რომ ეს პროცესი საინტერესოა და ძალიან მოსწონთ.


"რამდენიმე თვეა, რაც აქ დავდივარ. თავიდანვე მომეწონა სიტუაცია, მასწავლებელიც. მეხმარება ჩემი თავის პოვნაში. პროფესიად რომ ავირჩიო, კმაყოფილი ვიქნები. ვაპირებთ ანიმაცია გავაკეთოთ ერთ კაცზე, რომელიც ძალიან კეთილია და ყველას ეხმარება. საპასუოდ მასაც დაეხმარებიან. სიკეთეა მთავარი იდეა", - გვითხრა 16 წლის ქეთევან შონიამ, რომელიც ანიმაციის სკოლაში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოვიდა.

არჩილ კუხიანის თქმით, ანიმაციის ხელოვნების განვითარებას საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა ამ მიმართულებით პრობლემები დღემდე არსებობს. მაგალითად, თუ მსოფლიოში ანიმაციური ფილმწარმოება დიდი ხანია ბიზნესად იქცა, ჩვენთან შესაბამისი ბაზარი დღემდე არ არსებობს, სადაც შეგიძლია პროდუქცია გაყიდო. ამიტომაც, ცდილობენ უცხოეთზე გავიდნენ, მოიძიონ პარტნიორები, რომლებთან ერთადაც აწარმოებენ პროდუქციას, შემდგომ კი კინოთეატრებში უჩვენებენ და მათ პოპულარიზაციაზე იზრუნებენ.

"ქართული ანიმაციური კინოს განვითარების გზა გადის უცხოეთზე. ამავდროულად, ამ ახალგაზრდების გაზრდაზე. თუ ჩვენ არ გვეყოლება ანიმატორები, არ გვეყოლება ის ადამიანები, ვინც უნდა გააკეთოს ანიმაცია, მაშინ ვერ გავაკეთებთ", - გვითხრა არჩილ კუხიანიძემ.