ვიდეო
ენგურის ხიდზე მოძრაობა აღდგა - გალელებს დროებით დოკუმენტებს სთხოვენ [ვიდეო]
25 დღის წინ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების საფრთხის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი გაიხსნა, თუმცა მიმოსვლა როდემდე შენარჩუნდება, გალელებმა ჯერ არ იციან. მათი თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე დროებითი დოკუმენტებით, ფორმა #9-ით და ბინადრობის მოწმობით გამოატარეს. ე.წ. აფხაზური მწვანე პასპორტით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არავის უშვებენ, რადგან ისინი ძალადაკარგულად მიიჩნევა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა „ლაივპრესს“ ენგურის ხიდზე განუცხადეს, რომ ჯერ აქეთ გადმომსვლელთა დიდი რიგი არ შეიმჩნევა, რადგან მიმოსვლა ცოტა ხნის წინ აღდგა და ბევრმა ამის შესახებ არ იცის.

ამბობენ, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში ბევრ რამეს მოწყდნენ და ეს სიახლე გაუხარდათ.

ენგურის ხიდი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს დროით 15:00 საათისთვის გახსნა.

კარანტინი მათ 11 იანვარს გამოაცხადეს. ამ დრომდე ხიდზე მოძრაობა მხოლოდ სამედიცინო ცნობის მქონეებს და ენგურჰესის თანამშრომლებს შეეძლოთ.