ვიდეო
ზუგდიდელი მეწარმეები რუსული ოკუპაციის წინაღმდეგ [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდელი მეწარმეები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, და რომ ამ მოცემულობას არ უნდა შეეგუონ. ბევრჯერ მოსმენილი გზავნილისთვის ახალი სიცოცხლის შესაძენად მათ საკუთარი შემოქმედება გამოიყენეს. აქ ხელთნაკეთი ნივთები ამბობენ მთავარ სათქმელს და მოქალაქეებს სიმტკიცისკენ მოუწოდებენ, რომ საბჭოთა იმპერიალისტური ჩანაფიქრი დღესაც ეძებს საყრდენს საუკუნეების წინ დაწყებული საქმის დასაბოლოვებლად, ოკუპაციის თარიღების მივიწყება კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - მტრის წისქვილზე წყლის დასხმას.

მადონა ჯაბუამ ატოცში, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც პატრულირებით მცოცავ ოკუპაციას დარაჯობენ, მობილური ტელეფონის სადგამები დაამზადა საქართველოს რუკის გამოსახულებით, მხოლოდ განსხვავებული დიზაინით. ერთზე დატანილია ქვეყანა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები კი გაწითლებულია. აქ ნახავთ მავთულხლართებს და წარწერას - არა ოკუპაციას. მეორე სადგამზეც რუკაა დატანილი, ოღონდ მას თან ერთვის ოკუპაციის ოთხი თარიღი - 1801, 1921, 1991 და 2008 წლები.

„სოციალურ ქსელში ვნახე რუკა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები წითლადაა აღნიშნული. მომეწონა იდეა და ვითხოვე ნებართვა, ჩემს ნაკეთობაზე დამეტანა. თანხმობა მივიღე. სულ ათი დავამზადე. ატოცში მყოფი ადამიანებიდან კარგად ვიცნობ ლაშა ბერულავას. პირველ რიგში მისთვის და მისი მეგობრებისთვის ვაგზავნი ამ სადგამებს“, - უთხრა მადონა ჯაბუამ „ლაივპრესს“.

ეს ნივთები ერთგვარი გზავნილია ყველასთვის, რომ არასდროს დათმობენ და შეეგუებიან ოკუპაციას, ახსოვთ თითოეული მძიმე თარიღი და რუსულ პროპაგანდასაც მეხსიერებას უპირისპირებენ, რომელიც ინახავს სისხლიანი წლების ნამდვილ ისტორიას და არა შეთხზულს, თუნდაც გაიდეალებურ საბჭოთა კავშირზე. ერთადერთი, გული წყდება, რომ ზოგიერთს დღესაც აქვს ნოსტალგია ძველ წყობილებაზე და ახალგაზრდებს დამახინჯებულ ამბად აწვდიან.

მადონა ჯაბუა ტელეფონის სადგამებს სხვა მოქალაქეებისთვისაც დაამზადებს. მათ შორის იმ ადამიანების შვილებისთვის, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. გაყიდის თუ არა ამ ნივთებს, ჯერ არ იცის. უფრო გაჩუქებაზე ფიქრობს.

სადგამების პარარელურად, ყუთებიც გააკეთა ატოცის ასკილისთვის. ამ ყველაფერს ზუგდიდის ტექნოპარკში ამზადებს. პროტესტის გამოხატვას მომავალშიც განაგრძობს, ოღონდ სხვა ფორმით.

არ შეეგუო ოკუპაციას - ასეთია სამოქალაქო აქტივისტ ციცინო შენგელიას მთავარი გზავნილიც დანარჩენი სამყაროსთვის. ბლოკნოტები შესაბამისი წარწერით, რეპრესიებს, რუსეთის აგრესიას შეწირული მარო მაყაშვილის, სანდრო ახმეტელის, თუ სხვა პირების გამოსახულებით, ამ ყველაფერს თქვენ ციცის სახელოსნოში ნახავთ. თანამოაზრე ბევრი ჰყავს. ბლოკნოტზეც მოთხოვნაა და კარგადაც ეყიდება. ამბობს, რომ ეს ერთ რამეს ამტკიცებს - პრობლემა აქტუალობას არ კარგავს:

„კომუნიკაცია შედგა და ვფიქრობ, მომხმარებლებმა ჩემი მესიჯი კარგად გაიგეს. მიაქვთ სასაჩუქრეებად. გასაყიდად თბილისში ვაგზავნი. რეალიზაცია ხდება ძირითადად შეკვეთებით და ფეისბუკის საშუალებით“.

ციცინო შენგელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ატოცში მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მართალია ესმის გარე ფაქტორები და თემის სიმძიმე-სენსიტიურობა, თუმცა მისთვის მაინც გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს ქართული სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას და მათთვის უსაფრთხოების მეტი გარანტიის შექმნას:

„მაინც ჯიუტად მჯერა, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ დაცულობის მეტი შეგრძნება ჰქონდეს მოსახლეობას. ამიტომ მგონია, მესიჯი - არ შეგუო ოკუპაციას, აქტუალურია და ასეც იქნება მანამ, ვიდრე ჩვენს საკუთარ სახლებში მშვიდად არ ვიგრძნობთ თავს“.

ციცინო შენგელიაც ძირითადად ნივთებს ტექნოპარკში ამზადებს. განსაკუთრებით მაშინ მოთხოვნა დიდია. სხვა შემთხვევაში ცდილობს ხელით იმუშაოს. ქართული თემატიკა მის ნამუშევრებში აქტუალურია. ამბობს, რომ ოკუპაციის თემაზე ახალ იდეებზეც იფიქრებს და სურვილი აქვს, რუსეთის აგრესიას შეწირული ადამიანები ნაკეთობებით გააცოცხლოს.

საბჭოთა რუსეთის ოკუპაციიდან ზუსტად 98 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. თითქმის ერთი საუკუნის წინ განვითარებულ მოვლენებზე "ლაივპრესმა" გადაცემაც მოამზადა