აშშ-ის სააგენტო ანაკლიაში მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს [ვიდეო]
ცენტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და პიტერ ვიბლერმა, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში დღეს გახსნეს და ისაუბრეს საგრანტო პროგრამის შესახებაც. განაცხადეს, რომ პროგრამის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
შეხვედრაზე მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების ფონზე დაიტერესდნენ პროექტის ბედით. მათ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს ჰკითხეს, ემუქრება თუ არა საფრთხე ხელისუფლების მხრიდან პორტის მშენებლობას.
ლევან ახვლედიანის თქმით, ამ ეტაპზე შეფერხება არ არის: „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება ის გაუგებრობა რასაც კომპანიის დამფუძნებლებთან მიმართებაში აქვს ადგილი. ანაკლიის ეს პროექტი ვერ შედგება კერძო სექტორისა და მთავრობის თანამშრომლობის გარეშე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განმარტა მან.
ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ საფრთხეებზე მოქალაქეების კითხვებს გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამაც უპასუხა. თქვა, რომ ის წარმოადგენს რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს და შესაბამისად მისი ამ შეხვედრაზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას სახელმწიფო მხარს უჭერს.
ცენტრი რომელიც ანაკლიაში დღეს გაიხსნა მოიცავს კურსებს სხვადასხვა დარგებში, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნეს ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას.
რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, ის გამოცხადდა აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც პროექტის ავტორების თქმით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანამდევ ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს. უახლოეს დღეებში პროგრამის კოორდინატორები სოფლებში შეხვედრების დაწყებას გეგმავენ, სადაც დეტალურად გააცნობენ მსურველებს გრანტის მიღების პირობებს. მათივე ცნობით, უმოკლეს ვადაში ეს ინფორმაცია ხელმისწვდომი გახდება ინტერნეტშიც.