ვიდეო
ზუგდიდელების აზრი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე [ვიდეო]
საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მმართველ პარტიაში და საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარე ცვლილებებისთვის თვალ-ყურის დევნება. მთავარ თემად რჩება საკითხი თუ რამდენი დეპუტატი დატოვებს საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობას და რას შეცვლის ეს სამომავლოდ. ზუგდიდელების დიდი ნაწილი მედიით აქტიურად ეცნობა ცვლილებებს, მაგრამ მათთვის საკითხი მაინც ბუნდოვანია.

საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა „ქართული ოცნების“ 7-მა წევრმა. მათ შორის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა. ცვლილების შემდეგ უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ პარლამენტში 41 დეპუტატი აღმოჩნდა. შედეგად ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა. პარლამენტის რეგლამენტით, უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუ მასში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი ერთიანდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.