ვიდეო
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს. ცხოვრობს და შრომობს, როგორც ბევრი მისი თანასოფლელი ქალი. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც თითქმის მთელი საქართველო გაიცნობდა. ზუგდიდის მერის არჩევნებზე „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაპირისპირებამ ქეთევან სორდია სოციალური ქსელის გმირად აქცია.

ინტერნეტში განსაკუთრებით პოპულარული ის ვიდეო გახდა, სადაც დაპირისპირების დეტალებს ჰყვება, თან ამბობს, რომ ცუდად არის და დამამშვიდებელ წვეთებს აწვდიან.

მას ფეისბუკში სახალხო არტისტი უწოდეს და ოსკარითაც დააჯილდოვეს.

ინტერნეტში გაშარჟებული ფოტოები თვითონაც ნახა. გვითხრა, რომ ინერვიულა, თუმცა არ გაბრაზებულა.

„ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, 63 წლის ქალი, მთელმა საქართველომ გამიცნო. თუნდაც მსახიობი დამიძახონ, მე სიმართლისთვის მებრძოლი ვარ. რაღაც ფოტოებს მიკეთებენ, ხან კუდს გამომაბამენ, ხან გვირგვინს დამადგამენ, ხან ივანიშვილი მიზის გვერდით და მარაოს მინიავებს. რასაკვირველია, მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება მსხვერპლი. მე გავხდი ნიკა გვარამიას მსხვერპლი, მე არ მრცხვენია. იმისთვის ვიბრძვი, რომ თქვენ იცხოვროთ მშვიდობიანად, რომ ჩემს შვილს, გიორგის არ ეშინოდეს და თქვენ არ გეშინოდეთ“.



გვიჩვენებს წამლებს. ამბობს, რომ ხშირად იღებს, რადგან ავტოავარიაში 24 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობას უჩივის.

„ნერვიულობა არ შემიძლია. შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები. გვარამია როგორ შემეხო, შეურაცხყოფა მომაყენა. ვინერვიულე, ზოგმა კაპლი მომიტანა, ზოგმა წყალი. ვეძებ სამართალს, ვდგები იქ, სადაც დგებიან ჩემი შვილები. ზვიად გამსახურდიას ამბებიდან დაწყებული, სულ ვიდექი სიმართლის მხარეს. რას ჰქვია მსახიობი, როგორ უნდა მემსახიობა, ამის ნერვები მქონდა? მე იქ ავნერვიულდი“.

გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც შვილი გარდაეცვალა და სახლ-კარი დაეწვა, ცხოვრება თავიდან დაიწყო. გაჭირვებისა და სიღარიბის მიუხედავად, უმცროს ვაჟს პროფესიის დაუფლებაში ხელი შეუწყო. 21 წლის გიორგი ცეკვავს და სოფლის სკოლაში ქორეოგრაფად მუშაობს.

ქეთევან სორდია ამბობს, რომ არ უნდა მისი შვილი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდეს, სადაც უსამართლობა და ძალადობა იქნება.

„მშვიდობა მინდა და არა ის, რომ იარაღებით და დაცვით მოდიოდნენ ჟურნალისტები და ჩემისთანა ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამისთვის ვიბრძვი და ვიბრძოლებ“.

კახათის 95-ე საარჩევნო უბანზე, 19 მაისს, ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების" დამკვირვებელს ქეთევან სორდიას აკრედიტაცია ჩამოგლიჯა და პროვოკატორი უწოდა.

ინციდენტის შემდეგ უბანზე მყოფებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნიკა გვარამიას და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოგვიანებით, ქეთევან სორდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნიკა გვარამიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.