ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს. პირველად შარშან დათესა, თუმცა ცოტა დაგვიანებით, რის გამოც შედარებით მწირი მოსავალი მოიწია. წელს მარტში ჰოლანდიური ჯიშის თესლი მოსინჯა, რომელიც ამბობს, რომ წინას გემოთი და სხვა თვისებებითაც ჯობია. გაამართლაო გვითხრა, რადგან უხვად გამოიბა ნაყოფი და ჯამში მინიმუმ 15, მაქსიმუმ კი 20 ტონა ნესვს ელოდება.

სათბურში ზოგან მწიფე და ჯერაც დაუმწიფებელი ნაყოფი მიწაზე დევს, ზოგან კიდევ მაღლა ჰკიდია ვარდისფერი ბადით გამაგრებული, ნესვის სიმძიმემ რომ არ გადმოსწონოს.

გენო ასათიანს უკვე ორ კვირაზე მეტია პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე გააქვს ჩასაბარებლად. კილო თავიდან 5 ლარი ღირდა, ახლა საშუალოდ 3-4 ლარია. მისი ნესვის უპირატესობა ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ამის გამო არ ერიდება შვილიშვილებსაც დააგემოვნებინოს. ზოგადად, ბიოპროდუქტები გაცილებით ძვირი ღირს, თუმცა ფერმერის თქმით, განსხვავებული ფასი რომ დააწესოს, ყიდვას ყველა ვერ შეძლებს. სეზონზე კი ხილი გაცილებით იაფი ეღირება.

„1 500 ძირი მაქვს. მე ქიმიურ სასუქებს არ ვხმარობ. მარტო ორგანულ სასუქებს. ამით ვჯობივართ ყველას“, - გვიყვება ცაიშის მცხოვრები.

ფერმერის თქმით, ნესვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. რწყავს ჩვეულებრივ, როცა თვალით შეატყობს, რომ მცენარე წყალს ითხოვს. თუმცა არა იმ ოდენობით და სიხშირით, როგორც სხვა მცენარეებს. სხლავს, მწერებისგან შეწამვლას ახდენს. ზამთარში ამ მონაკვეთზე მოწყობილ სათბურში პომიდორი ჰქონდა გაშენებული.

როცა ხილი მასიურად დამწიფდება, მის გაგზავნას თბილისის ბაზარზეც გეგმავს. მომავალ წელს საზამთროს მოყვანას ვაპირებო, გვითხრა.

სათბურის მოწყობაში მას „აწარმოე საქართველო“ დაეხმარა, საიდანაც გრანტის სახით 30 ათასი დოლარი მიიღო. ამბობს, რომ პროექტი დაწერა, თუ რა და რისთვის უნდოდა. თან საკუთარი გამოცდილებაც აღნიშნა ამ კუთხით მუშაობის. ფიქრობს - მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სოფლის მეურნეობას ყურადღება ყველაზე მეტად ექცევა. ვისაც რეალურად შეუძლია საქმის გაკეთება, ყველას ეხმარებიან.

ფერმერი ამბობს, რომ პირველი სათბური ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწყო. თავიდან 500 კვადრატულ მეტრზე გააშენა კიტრი და პომიდორი, მერე სხვებმაც მომბაძესო, თქვა. დღეს 4 ათას კვადრატულ მეტრზე აქვს სათბური, სადაც კიტრ-პომიდორთან ერთად, ბულგარული, ბადრიჯანი, წიწაკა და მწვანილები მოჰყავს.

დღეს სათბურებში ექვსი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამბობს, რომ ამ საქმით ოჯახის რჩენას ახერხებს.

გენო ასათიანის თქმით, შრომის გარეშე არაფერი გამოვა. დარწმუნებულია, ნორმალური გარჯა შედეგს ყოველთვის მოიტანს.