ვიდეო
ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის პლანტაციაა გაშენებული. სულ 33 ათასი ძირი. შარშან აქ სათბურში გამოყვანილი ოთხი სხვადასახვა ჯიშის ნერგი გადმორგეს და წელს უკვე პირველი მოსავალიც მოიწიეს. პლანტაცია ჯენერ ბელქანიამ "დანერგე მომავლის" მხარდაჭერით და ბანკთან თანამშრომლობით გააშენა. პროგრამის ფარგლებში სარწყავი სისტემა მოაწყვეს და ნერგებიც მიიღეს.

ზუგდიდში დაკრეფილი მოსავალი რუსეთის ფედერაციაში გააქვთ, რადგან ფერმერის თქმით, პროდუქცია ჯერ დიდი ოდენობით არ აქვთ, რომ ევროპაში გაიტანონ.

სამომავლოდ ევროპის ბაზარზე დამკვიდრებაც სურს. ეს მას შემდეგ, რაც "გლობალ გეპის" საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებს. იმედი აქვს, მომავალი წლისთვის ამ ყველაფერს შეძლებს.

"დაახლოებით ათ ტონა მოსავალს ველოდებით. ახლა მეორე გადაკრეფაა. კიდევ ორი გადაკრეფა დარჩა. სეზონი დაახლოებით თხუთმეტ დღეში დასრულდება. როგორც კი ნაყოფი დამწიფდება, სასწრაფოდ იკრიფება და მაცივარში ინახება ტრანსპორტირებამდე", - ამბობს ფერმერი.

კრეფას დილით ადრე იწყებენ, როგორც კი მოცვს ნამი შეაშრება. პროცესი დილის 11 საათამდე გრძელდება. შემდეგ მუშები, რომლებიც ადგილობრივი მცხოვრებლები არიან, სახლებში მიდიან და საღამოს ექვსი საათისთვის ისევ აგრძელებენ.

ჯენერ ბელქანიას თქმით, მათი მოცვი ხარისხიანი, მსხვილი ნაყოფია, რომელიც კონკურენციის გაწევას რუსეთთან ერთად, ევროპის ბაზრებზეც შეძლებს.

მომავალში ფერმერს მოცვის პლანტაციის გაფართოება სურს, პარალელურად კი სხვა კენკროვანი მცენარეების მოშენებაზეც იფიქრებს.