ვიდეო
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით მიმართა ბანაკის წევრებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელიამ.

მისი თქმით, წელს ბანაკი ათი ათასამდე მოზარდს მიიღებს. 

„ბანაკის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიების საშუალებით, საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები 14-18 წლოვანების ახალგაზრდების აქტიური დასვენება, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა“, - აღნიშნა მან.

გახსნის ღონისძიებას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელიაც დაესწრო. მისი თქმით, ბანაკს აფხაზი მოზარდებიც უნდა შეუერთდნენ.

„მათი ჩამოსვლა კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ბავშვების დაახლოების საქმეში“, - განაცხადა მან.

პროგრამა ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ 2013 წლიდან ხორციელდება.

„მომავლის ბანაკამდე“ თითქმის იდენტური შინაარსის, პროგრამა, - „პატრიოტთა ბანაკი“, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2005 წელს შექმნა. პროგრამის პირველ ვარიანტში ერთ-ერთ მიზნად ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაც იყო მითითებული. მასში 15-დან 23 წლამდე წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობდნენ რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებლები ქართული სათვისტომოებიდან. 2010 წელს პროგრამაში უცხო ქვეყნების ახალგაზრდებიც ჩაერთნენ.

პატრიოტთა ბანაკი“ 2008 წლის 17 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა გადაწვეს. ის ერთი წლის შემდეგ განახლდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ბანაკმა ახალი სახელწოდებით - „ანაკლიის მომავლის ბანაკი“ განაგრძო ფუნქციონირება. პროგრამას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.