ვიდეო
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში უარყოფენ ბრალდებას, თითქოს პატარებს იატაკზე აძინებენ. ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის თქმით, ეს არის აქტიური თამაშების შემდეგ პატარებისთვის „მოსვენების კუთხე“. ამასთან ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ბაღს არ აქვს საძინებელი და მოზარდებს დღის საათებში ვერ აძინებენ.

რატომ იწვნენ 4-5 წლის ბავშვები იატაკზე დაგებულ ლეიბებზე, - ამ საკითხის მოკვლევას გეგმავს მერია, ისევე როგორც „ევროპული საქართველო“, რომელმაც მშობლის თხოვნით გაასაჯაროვა ვიდეო. მერია პასუხისმგებლობას ამ ეტაპზე ბაღის ადმინისტრაციას აკისრებს, ოპოზიცია კი ადგილობრივ ხელისუფლებას.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში 25 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებენ.

ვიდეო ერთ-ერთი აღმზრდელის ბიძამ, თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის „ევროპული საქართველოს“ წევრს ბათლომე შელიას გადასცა.