ვიდეო
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით - ეს არასრული ჩამონათვალია იმ 25-მდე ყველის ნაირსახეობის, რომელიც ზუგდიდში, კოლხური ღვინის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. ყველის ტექნოლოგი ბექა კუპრეიშვილი დედასთან, ანა მიქაძესთან ერთად წლებია პროდუქტის მივიწყებულ, ძველ, ტრადიციულ სახეობებს ეძებს და მათ აღდგენაზე მუშაობს.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეგემოვნებინათ ნახევრად ქართული და ევროპული ყველი, მეგრული გუდის ყველი, ყველის სულუგუნის ქოთნები გაწურული, მშრალი მაწვნით.

„დავდივართ და ვეძებთ რეგიონებში, ოჯახებში, ვინმეს თუ რამე ძველი რეცეპტი ახსოვს. შემდეგ ისტორიკოსებთან ვადასტურებთ და ვიწყებთ ამაზე მუშაობას. ძველად სხვა დიზაინი იყო, მაგრამ ამ დიზაინსაც ცოტათი ვცვლით და საგემოვნო თვისებებსაც ვუმატებთ. გამოდის ძალიან კარგი“, - უთხრა ბექა კუპრეიშვილმა „ლაივპრესს“.

მისი თქმით, წინაპრები განსხვავებული მეთოდით ინახავდნენ ყველს. ზოგი მიწაში. მაგალითად მესხეთში, ადგილობრივი მწყემსი ყველის მორჩენილ ნაჭრებს გუდაში ყრიდა, თავს უკრავდა და მიწაში დებდა. ზემოდან ქვას ადებდა. უკანა გზაზე კი ამოჰქონდა. მანვე აღნიშნა, რომ მესხეთი ასევე ცნობილია ობიანი ყველის კულტურით, თუშებს კი დამბალ ხაჭო აქვთ.

მეგრული ყველის უნიკალურ სახეობებსა და მათ ევროპულ პოტენციალზე, გადაცემაში „პირისპირ ლაივპრესთან“, ყველის ისტორიის მკვლევარმა ანა მიქაძე ჩიკვაიძემ ისაუბრა.