ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მწირი ინფორმაცია აქვთ. მათ იციან მხოლოდ ის, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება.

როგორც აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსულმა მგზავრებმა "ლაივპრესს" ენგურის ხიდზე განუცხადეს, დაძაბულობა არ იგრძნობა ოკუპირებულ გალში და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებასაც განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე ახერხებენ.

გალელებმა არ დაადასტურეს ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხის გამო ტოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიას. მგზავრები ამბობენ, რომ ე.წ. საგუშაგოზე დილის საათებში გადმომსვლელთა რიგები ხშირად არის და ასე იყო დღესაც.

რაც შეეხება შეკითხვას, იცნობენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს და თავად რა პოზიცია აქვთ ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომასთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ გალში მცხოვრები ქართველები არ იცნობენ ე.წ. პოლიტიკოსებს, რადგან მათთან შეხვედრებს არავინ მართავს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სოხუმში, ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია 9 იანვარს მოაწყვეს. მათ "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" პირველ სართულზე ფანჯრები ჩაამტვრიეს და შენობაში შეაღწიეს.

9 იანვარს, გვიან ღამით, 19 ხმით ოთხის წინააღმდეგ აფხაზეთში, დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა მიიღეს დადგენილების პროექტი, რომლითაც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ "პრეზიდენტმა"განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ოპოზიციის მხარდამჭერები ამ დრომდე აგრძელებენ საპროტესტო გამოსვლას. პარარელურად, რაულ ხაჯიმბას მომხრეები მხარდამჭერ აქციას გეგმავენ.