ვიდეო
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით იწყება. მართალია, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დღეს ძალა ისე აღარ ერჩის, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა საბჭოთა ჯარისკაცი გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა განსაკუთრებულს არაფერს უჩივის, სიბერის გარდა. ცოტა მუხლები მტკივაო ამბობს, ჩვენთან შესახვედრად კი მაინც მხნედ გადმოჭრის ეზოს. მკერდზე მედლები დაუბნევია იმის ნიშნად, რომ 9 მაისის გამარჯვებაში მისი წილი ძალისხმევაცაა.

18 წლის იყო, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, როცა გაიწვიეს. სახლში მხოლოდ რვა წლის თავზე დაბრუნდა. ალბათ სიკვდილი არ მეწერაო, არც დავჭრილვარო, იხსენებს.

ბევრისთვის მეორე მსოფლიო ომი 1945 წელს დასრულდა, მაგრამ არა ანაკლიელი ჯარისკაცისთვის. ის იძულებული გახდა სხვა თანამებრძოლებთან ერთად, ბერიას თხოვნა-ბრძანებით ლიტვაში, ვილნიუსში გადასულიყო, სადაც კიდევ ხუთი წელი დაჰყო.

"1942 წელს გამიწვიეს. სწავლება მანამდე ახალციხეში გავიარე. მერე მოვხვდი 25-ე პოლკში, გენერალ-მაიორ ვატუტინის არმიაში. დავიწყე რასტოვიდან და ჩავედი ბერლინამდე. ბერლინში დიდხანს არ გავჩერებულვარ. 9-ში ავღნიშნავთ ჩვენ გამარჯვებას, მაგრამ 27-ში დამთავრდა ყველაფერი. 9-ში დროშა დააყენს. ისე იქ ბრძოლა მიდიოდა, პერესტრელკა, დამალულების გამოყვანა. 27-ში გაიწმინდა სულ", - უყვება კარლო ლაგვილავა "ლაივპრესს".

იცით, საბჭოთა რამდენი ჯარისკაცი მოკლესო რაიხსტაგზე დროშის აღმართვისას? ვაშლის ხე რომ გაფერთხო და ნაყოფი ცვიოდეს, ისე ვარდებოდნენო სიმაღლიდან. გერმანელები, როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, "სტენკავოი პულიმიოტიდან" ცელავდნენ ადამიანებს. თუმცა მტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, დროშა რაიხსტაგის თავზე მაინც აფრიალდა.

ომის დასრულებას იმ განწყობით შეხვდა, რომ სახლში დაბრუნდებოდა, თუმცა გეგმები შეუცვალეს. სხვადასხვა პოლკიდან შერჩეულ 200 ჯარისკაცთან ერთად ახალი დავალება მისცეს და თვითმფრინავით ლიტვაში, ქალაქ კლაიპდაში გადასხეს. მისი ბატალიონიდან აქ კიდევ 12 ქართველი იყო, რომელთაგან მხოლოდ ორი გადარჩა.

საერთო აბანოდან გამოსულებს წითელი ტანსაცმელი დაახვედრეს და უთხრეს, როგორც ფრონტგამოვლილ ახალგაზრდებს ის 1800 კაციანი "ბანდა" გაენადგურებინათ, საკოლმეურნებო ტერიტორიის განვითარებაში რომ უშლიდათ ხელს, "კლავდა და ძარცვავდა" მოსახლეობას. კიდევ ხუთი თვე დაგვეხმარეთ და მერე საკადრისად გაგაცილებთო, დააიმედეს.

თავიდან მტკიცედ იუარეს, ყველას შინ უნდოდა, სანამ გადასარწმუნებლად ჯარისკაცებთან თავად ლავრენტი ბერია არ მივიდა.

"მოგვმართა - ჩემო შვილებო, ჩემო შვილიშვილებო, ჩემო ძმებო, გთხოვთ ხუთი თვე დამეხმარეთ თქვენი ცოდნით. მერე გაგიშვებთო. ეს ხუთი თვე შვილო, გახდა 5 წელი. დღე და ღამე ხელში ტყვია და ბრძოლა. დღე და ღამე ქალაქს ესხმოდა თავს ბანდა. მირბოდნენ ტყეში, მივრბოდით ჩვენც. მერე გამოვიდა ბრძანება, ესროლეთ და მოკალითო. ფრონტი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც იქ დაგვხვდა", - ამბობს ვეტერანი.

კარლო ლაგვილავას გასახსენებელი ბევრი აქვს. ბრძოლები, იარაღი, მტრის გაუვნებელყოფა, სისხლი, თეთრი ღამეები - ასეთი შემორჩა მის მეხსიერებას ომი, სადაც მოდუნების საშუალება იშვიათად ჰქონდათ.

ერთხელ, ბატალიონისთვის, საომარ მოქმედებებში რომ უნდა ჩაბმულიყო, გზის დასაზვერად გაემართნენ. ეს მარტივი არ იყო, რადგან გერმანელებიც აქტიურად აკონტროლებდნენ პერიმეტრს. მათთვის როგორმე უნდა ეჯობნათ. მოულოდნელად თუ შემოგხვდა ვინმე, გლახაა, ზიანს მოგაყენებსო. საუბარი შემოესმათ. ენა ვერც გერმანულს მიამსგავსეს, მით უფრო ქართულს. "ნემცებიაო სინამდვილეში", გაიფიქრეს და უჩუმრად ჩაუსაფდნენ. სროლისას ერთი შემოაკვდათ, ორი მძევალი კი ხელმძღვანელს უვნებელი მიუყვანეს. ბევრი იყოო ასეთი შემთხვევა.

საბჭოთა ხელმძღვანელობისგან მედლებითაც დაჯილდოვდა, თუმცა მათი უმეტესობა მაშინ გაუნადგურდა, სახლი რომ დაეწვა.

კლაიპედაში, სადაც 1945-1950 წლებში იბრძოდა, ბოლოს 2017 წელს ჩავიდა. აქ კარლო ლაგვილავას სამი შვილი ცხოვრობს პირველი, პოლონელი ცოლისგან. ომის ვეტერანს ის შენობა უჩვენეს, სადაც სხვა ჯარისკაცებთან ერთად, თავის დროზე იყვნენ გამაგრებულები.

1950 წლის 15 აპრილს გამოუცხადეს, რომ თავისუფლები იყვნენ. სახლში რვა წლის შემდეგ დაბრუნდა.

"მამა 1941 წელს წაიყვანეს ომში. უფროსი ძმა 1941-ის ბოლოს. ფრონტიდან სამივე დავბრუნდით. მასეთ ოჯახს შენ ვერ მომიძებნი, რომ ოჯახიდან სამი გავიდა და სამივე დაბრუნდა. ჩვენ სამივე დავბრუნდით. რაღაც არ გვეწერა სიკვდილი", - ამბობს 97 წლის რესპოდენტი.

დაბრუნებულმა მეორე ოჯახი შექმნა. სახლში დღეს სტუდენტ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ის თბილისში სწავლობს, ამიტომაც ძირითადად მარტოა. მაგრამ არაფრის ეშინია. "მე აწი ვინ მომიტაცებსო", - არც ხუმრობა ავიწყდება.

საუბარს ნახევარ საუკუნოვან მუხის ხესთან ვაგრძელებთ, რომელიც კარლო ლაგვილავას დარგულია. ხის ტანზე ქერქი ალაგ-ალაგაა აცლილი. მეზობლებმა რევმატიზმის სამკურნალოდ წაიღესო, გვიხსნის.

ომის ვეტერანი ახლადგამოჩეკილ წიწილებსაც გვიჩვენებს. ამასობაში დედა კრუხი გაგვიბრაზდა და ქოთქოთებს. ჩვენზე "თავდასხმა" ვერ გაუბედავს. მოვშორდით, მეტად აღარ ვანერვიულეთ.

ბოლოს ერთი ჭიქით დავილოცეთ. ექიმები ადღეგრძელა, პანდემიის პირობებში ადამიანების სიცოცხლისთვის რომ იბრძვიან.

დღეს ისინი არიანო ფრონტის წინა ხაზზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის სულ 7 ვეტერანი შემორჩა. მათგან ოთხი ადგილობრივია, 3 კი დევნილი.