ვიდეო
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა მაღაზიებმა და კვების ობიექტების ნაწილმა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ შეიძინონ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, როგორც მაღაზიებში ასევე სავაჭრო ცენტრებში. დაშვებულია რესტორნებსა და კეფეებში შესვლაც. ყველა ამ სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს ახალი წესების დაცვა უწევს.

ობიექტებმა თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ. მაღაზიის შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები, კონტროლდება დაწესებულებაში მომხარებელთა რაოდენობაც. აუცილებელია პირბადის ტარება.

სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ შესასვლელში ტარდება თერმოსკრინინგიც. ამ პროცედურას მოვაჭრეებთან ერთად გადიან მომხმარებლებიც. გარდა ამისა, ყველა მათგანს სპეციალური ხსნარით უწევს ხელის დამუშავება.

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების თქმით, დილიდან მომხმარებლების ნაკლებობას არ უჩივიან. მცირე ბიზნესი მათი ოჯაცების დიდი ნაწილისთვის მთავარი შემოსავალია, ამიტომ მზად არიან დაიცვან ყველა რეკომენდაცია, მთავარია მუშაობის უფლება ჰქონდეთ.

მაღაზიების პარალელურად მუშაობის განახლების უფლება მიეცათ ღია ტიპის რესტორნებს, თუმცა მათი ნაწილი დღეს ზუგდიდში არ გახსნილა. კვების ზოგიერთი ობიექტი ჯერ კიდევ სამზადისშია. მათი მფლობელები ამბობენ, რომ მოუწიათ გარკვეული ცვლილებების შეტანა ინტერიერში, ასევე საჭირო ხსნარების შეძენა და ერთჯერადი მენიუების დამზადება, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.

ეს საკითხები უკვე მოაგვარა და რეგულაციების მოხსნის პირველივე დღეს მოახერხა მუშაობის განახლება „ბლინის სახლმა“ და „არტ ჰაუსმა“.

„ბლინის სახლში“ აცხადებენ, რომ კარანტინის პერიოდში გატანის სერვისი ჰქოდათ, თუმცა არ იმუშავა, ამიტომ ობიექტმა ფინანსურად იზარალა. ახლა კი მოქალაქეების მისაღებად ყველა ზომა მიიღეს და მზად არიან ისევ აქტიურად იმუშაონ.

ასევე მხოლოდ ღია სივრცე აამუშავა ამ ეტაპზე „არტ ჰაუსმა“ და მაგიდებიც დისტანციის დაცვით განათავსა. მომხმარებელი რეგულაციის მოხსნის პირველივე დღეს მიიღეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციებით, კვების ობიექტებში მაგიდებს შორის მანძილი ორ მეტრზე, სკამების საზურგეებს შორის კი ერთ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ერთჯერადი მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში კი მენიუს დაფასთან უნდა განათავსოს ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი არ არის დაშვებული.

პანდემიის გამო მთავრობამ 19 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 27 აპრილიდან დაიწყო.