ვიდეო
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო ორ თვეში რამდენიმე დღით უკვე მეორედ გახსნა დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ. 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით იყო ღია, შემდეგ ისევ ჩაიკეტა. დღეიდან კი სოხუმი „საკუთარ მოქალაქეებს“ „სამშობლოში“ დასაბრუნებლად 3 დღეს აძლევს.

ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ხიდზე დღეს მგზავრები მრავლად იყვნენ. მათი ინფორმაციით, 24 ივნისს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაიკეტება. მიუხედავად ამისა, აქვთ მოლოდინი, რომ მიმოსვლა ორმხრივად 1 ივილისიდან აღდგება.

გალის რაიონისკენ მიმავალმა მგზავრებმა „ლაივპრესს“ ენგურის ხიდთან უამბეს ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე გადასული ნაცნობებისგან შეიტყვეს - მათ გადაადგილება შეძლეს მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტების, ან ე.წ. ბინადრობის მოწმობის საშუალებით და მათთვის აფხაზ „მესაზღვრეებს“ არ მოუთხოვიათ კორონავირუსზე ჩატარებული გამოკვლევის ცნობა.

„მეუღლე მყავდა ავადმყოფი. აქ მყავდა სამკურნალოდ. შემდეგ ამ გზების ჩაკეტვამ მოგვისწრო და სამი თვეა არ გადავსულვარ. საბუთები აქ შემიმოწმეს ქართველებმა და გამიშვეს. თანხმობაა იქედან და ამიტომ გამიშვეს ალბათ“, - გვითხრა გალისკენ მიმავალმა ქალმა.

ენგურის ხიდზე ჩაკეტვის შემდეგ ტრანსპორტი არ მოძრაობს, ამიტომაც მგზავრებს ტვირთის ზიდვა ხელით უწევთ.

„მანამდე, კორონამდე იყო მარშრუტკები, მაგრამ ახლა არ არის და იძულებული ვართ ამ სიცხეში ჩანთები ხელით წავიღოთ. იქეთ, რომ გადავალთ იმედია იქეთ მაინც იქნება ტაქსები, მანამდე იყო და ახლა არ ვიცი რა შეიცვალა“, - გვითხრა გალში მიმავალმა მარინა მორჩაძემ.

მგზავრების უმეტესობა მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს. საჯაროდ აზრის გამოთქმას ერიდებიან. ამბობენ, რომ არ უნდათ ვინმე გააღიზიანონ ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.

ე.წ. გამშვებ პუნქტამდე მათ თერმოსკრინინგი ზუგდიდის სოფელ რუხში, საველე ჰოსპიტალშიც უტარდებათ.

ხიდის დროებით, ცალხმრივად გახსნის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში 20 ივნისს მიიღეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა, თუმცა, მას შემდეგ ათეულობით მოქალაქეს მისცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის უფლება. მათ შორის იყვნენ პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ ზუგდიდის, ფოთის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ამ დროის მონაცემებით, გალიდან დანარჩენ საქართველოში ჩამოსულ მხოლოდ ერთ პაციენტს, 50 წლის ქალს დაუდასტურდა ახალი ვირუსი.

50 წლის ქალი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს მოათავსეს. მას კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა. ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება 19 აპრილს დატოვა.