ვიდეო
სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩენილი ბავშვები საკუთარი უფლებებისთვის [ვიდეო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის პანდემია დამატებითი სტრესი აღმოჩნდა. მათ შორის გიგის და თამარისთვის. ისინი ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში. დახურული იყო ზუგდიდში მოქმედი აუტიზმის ცენტრი, სადაც დადიან. ამიტომ, ძირითადად სახლში ირთობდნენ თავს.

თამარი მღეროდა, გიგი კი მშობლების მიერ სპეციალურად მისთვის გახსნილ სახელოსნოში ხატავდა და ამით ინაზღაურებდნენ დანაკლისს.

თამარს უკრაინაში დაგეგმილ მუსიკალურ კონკურსში უნდა მიეღო მონაწილეობა 2 აპრილს, აუტიზმის დღეს, თუმცა გეგმები კორონავირუსმა შეცვალა.

არც გიგის და არც თამარს, მშობლების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შშმ პირის სტატუსი არ აქვთ. ისინი მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმაც აღმოჩნდნენ.

მართალია პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ცვლილებები კანონმდებლობაში, თუმცა როგორც განმარტავენ, პირდაპირი პასუხი, მიიღებენ თუ არა მათი შვილები სტატუსს, დღესაც არ აქვთ. მხოლოდ ის იციან, მთავრობა რომ უნდა დაავალდებულონ, სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების შესაცვლელად.

მოზარდები დღეს პანდემიის პირობებში გაცდენილ საათებს ინაზღაურებენ, ნაწილობრივ ონლაინ. საგანგებო მდგომარეობის დროს კი, გაათმაგებული ძალებით მშობლებს თავად უწევდათ შვილებთან მუშაობა.