ვიდეო
ჩიჩილაკების იმედად პანდემიაში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი წელი ნაძვის ხესთან და ჩიჩილაკთან ერთად დგება. ყველა თავისებურად შეუდგა სადღესასწაულო სამზადისს. დღეების ათვლაც დაიწყო.

16 წლის თორნიკე და 14 წლის გიგა, მამასთან ერთად ჩიჩილაკებს ამზადებენ. ახლადაშენებული სახლის პირველ სართულზე თლიან ტყიდან მოტანილ თხილის ნარჩევ ტოტებს და ჩვენს თვალწინ გაბუჩქული თავები ჩნდება.

ნაჭყებიების ოჯახი ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში ცხოვრობს. თითქმის 20 წელია ამ საქმეს მისდევენ. მამა, პაატა ნაჭყებია ერთ დღესაც კორცხელში შეესწრო, თუ როგორ აკეთებდნენ ჩიჩილაკებს. ჯერ თვითონ, მერე შვილებს ასწავლა და ბოლო რამდენიმე წელია შეიამხანაგა კიდეც. ტყიდან, რომელიც 7 კილომეტრის სიშორეზეა, თუ სხვადასხვა სოფლიდან, მასალას ეზიდებიან. ყველა ტოტი არ გამოდგება. მოსაძებნია. რტოიანი არ უნდა იყოს, არც უხეში, ფერსაც მნიშვნელობა აქვსო, გვიხსნის მამა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათი შემოსავლის წყარო სახელმწიფოს მიზერული დახმარებაა, რომელსაც პანდემიისას კიდევ 100 ლარი დაემატა, და სეზონურად ჩიჩილაკების გაყიდვით მიღებული თანხა. თუ ადრე პაატა ნაჭყებია შვილებთან ერთად საზღვარგარეთ დადიოდა, იგივე თურქეთში, სადაც ჩაის კრეფდნენ პლანტაციებში, დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ალტერნატივა აღარ აქვს.

ნაჭყებიებს შარშან, 25 დეკემბერს სახლიც დაეწვათ. ოჯახი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩა. ეზოში ამ დროს ახალი სახლის პირველი სართულის კედლები ამოყვანილი იყო, დანარჩენში ადგილობრივი ხელისუფლება და კეთილი ადამიანები, მათ შორის ემიგრანტები დაგვეხმარნენო.

"დავრჩით ისე, რომ არაფერი გაგვაჩნდა. ბავშვები გვერდით მედგნენ. მეზობლები, ბიძაშვილები გეუბნებოდნენ, დარჩით ჩვენთან ამ ზამთარს, არ მოგშივდეთ, არ შეგცივდეთ, მაგრამ მე ჩემი სახლი მერჩივნა და ბავშვებიც არსად გაჩერდნენ. გვერდიდან არ მოგვცილებიან. პირველ სართულზე, ბრიზენტგადაფარებულში გავატარეთ, ერთ ოთახში. წვიმა შემოგვდიოდა. ტანჯვა-წამებით ამ დრომდე მოვედით", - იხსენებს პაატა ნაჭყებია.

ჩიჩილაკების გაყიდვით გამომუშავებულ ფულსაც სახლს მოახმარენ. მეორე სართულის სივრცე ოთახებადაა დასაყოფი, იატაკიც დასაგებია. კედლებიც უნდა შეათეთროს, ბავშვებმა სიშავეს რომ არ უყურონო. დღეში 5-6 ცალის დამზადებას ახერხებენ. შეკვეთები თანასოფლელებისგანაც აქვთ.

"კოვიდის პირობებში ძნელია მუშაობა. რა ვქნათ. რაღაცნაირად უნდა გავიტანოთ თავი. კორონავირუსმა ბევრ რამეში შემიშალა ხელი. ვეღარ დავდივარ საზღვარგარეთ. ვერ ვმუშაობ.აქ ვერ ვაკეთებ იმდენ ფულს, რასაც იქ ვაკეთებდი, რომ ოჯახი ვარჩინო. ბავშვებსაც უნდათ ისე იცხოვრონ, როგორც სხვა ბავშვებმა", - ამბობს პაატა ნაჭყებია.

თორნიკე უკვე სამი წელია მამას ჩიჩილაკების დამზადებაში ეხარება. თავიდან ცოტა გამიჭირდაო, მერე კი ხელები გაეწაფა. სკოლიდან დაბრუნებული, ან შაბათ-კვირას, უქმე დღეებში, თავისუფალ დროს თლის თხილის ტოტებს. 50 სანტიმეტრიანი საახალწლო ატრიბუტის დამზადებას, საშუალოდ 45 წუთს ანდომებს.

"დამუღამებაა საჭირო. მთავარი სირთულე ტყიდან მასალის მოტანაა. სოფლებში გვიწევს სიარული, მანძილის გავლა. გამოსარჩევია ტოტები", - ამბობს თორნიკე.

ძმას და მამას ეხმარება 14 წლის გიგაც. გამომუშავებული ფული სახლის მშენებლობის დასრულებას უნდა მოვახმაროო, გვითხრა.

ჩიჩილაკების გაყიდვაზე დედა, მარინე ნაჭყებია ზრუნავს. ხშირად ზამთრის ცივ დღეებში, ქარში თუ წვიმაში, ყინვაში უწევს გარეთ დაღამებამდე დგომა. ოჯახის დანარჩენი წევრებიც ეხმარებიან, რომ შრომა შეუმსუბუქონ.

"ფასები იწყება 2-3-5 ლარიდან, სიდიდის მიხედვით. დიდები 50 ლარი ღირს. თუ მასალა იქნება, 100 ლარიან ჩიჩილაკსაც დაამზადებენ. ძვირიაო მეუბნებიან, მაგრამ ვუხსნი, რომ შრომობენ ბავშვები, სწავლობენ. სეზონზე საშულო შემოსავალი 2000 ლარია. თუ კარგად იშოვეს მასალა. სოციალური დახმარება გვაქვს. ემიგრანტებიც გვეხმარებიან და ამით ვართ", - ამბობს მარინე ნაჭყებია.

ოჯახის მიზანი, ახალ წლამდე თუნდაც ერთი თბილი ოთახის მოწყობაა. მანამდე კი პირველ სართულზე რჩებიან, სადაც არც ბეტონია დაგებული და არც იატაკი. კედლებიც აგურისაა, შეულესავი.

300 ცალი უკვე მზადაა. გაშლილ მაგიდაზე იწონებენ თავს. თუ ადრე მუნიციპალური ავტობუსით ახეხებდნენ მათ ტრანსპორტირებას, დღეს პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერებულია. ამიტომაც ჯერ არ იციან, დიდ ტომრებში საგულდაგულოდ ჩალაგებული ჩიჩილაკები, როგორ აღმოჩნდება ბაზრის დახლებზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 24 დეკემბერი -2 იანვრის პერიოდში, უნდა აღდგეს როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
16:48 / 27.07.2021
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ
ვპოულობთ,
20:11 / 20.07.2021
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
10:08 / 17.07.2021
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
10:46 / 07.07.2021
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.