ვიდეო
საფუტკრე მეურნეობა სოფელ რუხში და „რუხი დედოფლის” არაბული მომავალი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ რუხში საფუტკრე მეურნეობაა მოშენებული. ერთი ხელის გაწვდენაზე ოკუპირებული აფხაზეთია. აქ ფუტკრის 200-მდე ოჯახია დაბინავებული. ადგილობრივი წარმოების თაფლით არაბული ქვეყნები დაინტერესდნენ. ყატარის დედაქალაქ დოჰაში ექსპორტი უკვე განხორციელდა, სხვა სახელმწიფოებში ჩასატანად კი ხელშეკრულებები მზადდება. მეურნეობას, რომელსაც "რუხი დედოფლის" სახელით იცნობენ, ახალგაზრდა, 25 წლის თამარ კვარაცხელია უძღვება.

ოჯახურ ბიზნესში თამარი მხოლოდ ორი წლის წინ ჩაერთო. დაინტერესებისკენ შემთხვევითობამ უბიძგა. ერთ დღესაც, ტურისტულ კომპანიაში დასაქმებულს, მეგობარმა, უცხოელმა სტუდენტმა უთხრა, რომ ქართული თაფლი შეიძინა, თუმცა მისი დაგემოვნების შემდეგ ეჭვი შეეპარა პროდუქტის ნატურალობაში. თამარმა საკუთარ ოჯახში დამზადებული აჩუქა, რომელიც ტურისტის მამას ისე მოეწონა, რომ კიდევ გაატანა მშობლიურ საუდის არაბეთში წასაღებად. მოგვიანებით თაფლის ფოტო ინსტაგრამზე დადო. ამას შეკვეთები მოჰყვა. მერე იფიქრა, რომ ღირდა საქმისთვის ხელი თავადაც მოეკიდა და მარკეტინგის მიმართულებით ემუშავა.

ოფიციალური სახე ბიზნესს 2019 წლის ბოლოს მისცა, როცა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ჯერ იყო "რუხი 2", თუმცა მიხვდა, პოპულარიზაციისთვის სხვა სახელი სჭირდებოდა ბრენდად. ასე შეირჩა "რუხი დედოფალი" - ქართული ფუტკრის სახეობა რუხი ფუტკარი და მისი დედოფალი, სახელის ორი მხარე.

მალევე, იანვარში, ყატარის დედაქალაქ დოჰას ფესტივალიდან მიიღო მოწვევა. ამბობს, რომ საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი იყო მაშინ, სადაც 124 ქვეყანა მონაწილეობდა. მისმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთ კვირაში ჩატანილი სრულად გაყიდეს, რასაც არ მოელოდნენ. მაშინ დოჰაში თაფლი ნუშით, თხილით და ნიგვზითაც ჩაიტანეს. ამ ხაზის წარმოებას ზაფხულისთვის ისევ გეგმავს.

"ვინც ერთხელ იყიდდა, მეორეჯერაც მოდიოდა. გვწერდნენ ძალიან თბილ წერილებს, რომ ეს არ იყო მხოლოდ თაფლი და იყო წამალი. დოჰას შემდეგ წამოვიდა სხვა შემოთავაზებები. მარტში უნდა წავსულიყავით მეორე ფესტივალზე. ასევე, მივიღეთ შემოთავაზება, რომ დოჰაში გაგვეხსნა ქართული თაფლის მაღაზია. მარტში უნდა ჩავსულიყავი ადგილის შესარჩევად და კონტრაქტის ხელმოწერისთვის. მაგრამ შემდეგ ფრენები შეიზღუდა კორონავირუსის პანდემიის გამო და გახსნაც გადაიდო", - იხსენებს თამარ კვარაცხელია "ლაივპრესთან" საუბარში.

თუმცა გაყიდვების პროცესი პანდემიამ ვერ შეაჩერა. მსოფლიოში სიტუაციის შერბილების ფონზე ექსპორტზე მუშაობაც დაიწყეს. ზაფხულში 80 კილომდე თაფლი გააგზავნეს დოჰაში, შემდეგ 600. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას საუდის არაბეთთან, ბაჰრეინთან აწარმოებენ. საუბარი ხელშეკრულებამდე უკვე მივიდა. ინვესტორს საქართველოში აპრილში ელოდებიან. შემოთავაზებები აქვთ სხვა სახელმწიფოებიდანაც, ოღონდ ვიდრე კონტრაქტზე არ მიდგება საქმე, არჩევს მათზე არ ისაუბროს.

"ძალიან მოწონთ ჩვენი თაფლის გემოვნური თვისებები. განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში. როგორც კი ქილას თავსახურს ახდიან, ეგრევე გრძნობენ არომატს. მუდმივად ერთი ხარისხის თაფლი გვაქვს. არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, რომელიც ჯანმრთელობისთვისაა საზიანო. არც საკვებ დანამატებს თაფლისთვის. სრულიად თავიანთ ბაზაზე მუშაობენ ფუტკრები, რომ ნატურალური თაფლი იყოს წარმოებული", - გვითხრა თამარმა.

გარდა იმისა, რომ პანდემიის მიზეზით დოჰაში მაღაზია ვერ გახსნეს, თავი შეიკავეს პროდუქციის ქართულ მარკეტებში შეტანისგანაც. ელოდებიან საზღვრების აქტიურად გახსნას და ტურისტებს. დღეს პროდუქციას სოციალური ქსელების მეშვეობით ყიდიან ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ერთი კილო თაფლის ღირებულება 30 ლარია.

რუხის გარდა, ფუტკრის ოჯახები ჯიხაშკარსა და წალენჯიხაშიც აქვთ განაწილებული. ჯამში მეურნეობა დაახლოებით 400 ოჯახს ითვლის, სადაც სულ 10-მდე ადამიანია დასაქმებული. წელიწადში საშუალოდ 8 ტონამდე თაფლს აწარმოებენ.

საექსპორტოდ გასატან პროდუქციაზე მოთხოვნა შემდეგია - ნატურალურობა, ფუტკარი არ უნდა იყოს ანტიბიოტიკებით დამუშავებული და წარმოდგენილი იყოს სრული ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგებსაც მერე საზღვარგარეთის ლაბორატორიის მონაცემებს შეადარებენ.

"რუხი დედოფლის" საწარმოში მუშაობს 32 წლის ლერი გუჩუაც. მან იცის, როგორ მიუდგეს ფუტკარს - სიმშვიდით, და საპასუხოდ იგივეს ელის. იმისთვის, რომ კარგი თაფლი მივიღოთ, კარგი მეფუტკრეა საჭირო, ხარისხიანი წამალი, ანტიბიოტიკების გარჩევის უნარი და შეწამვლის დრო და მეთოდებიო, გვიხსნის. შარშან ქვეყნის მასშტაბით იზარალეს საფუტკრე მეურნეობებმა, მათ შორის თავადაც. ეს იმიტომ, რომ სწორად ვერ მიუდგნენ მწერის მთავარ მტერს, ტკიპა ვარვატოზს. ახლა ცდილობს ძველი შეცდომები აღარ დაუშვას. ის დანარჩენებსაც ურჩევს ახალი პრეპარატების დანერგვას უკეთესი შედეგისთვის. საგაზაფხულო სამუშაოები საფუტკრეში დაწყებულია. ეს ყველაზე შრომატევადი პერიოდია ფუტკართან ურთიერთობის, როცა მათი პოპულაცია მკვეთრად იზრდება.

დედა ფუტკრის ხარისხის შემოწმება, დედის კვერცხდების ხარისხის შემოწმება, ხელოვნურად გაყოფა, აკაციის და წაბლის თაფლის აღება, შემოდგომაზე კი ზამთრისთვის მომზადება - ასეთია საწარმოში დასაქმებულთა მუშაობის არასრული გეგმა.

ლერი შვიდი წელია მეფუტკრეობას მისდევს. თავიდან მეურნეობა სამი ოჯახით დაიწყეს. მერე ბიზნესი, ბანკი დაიხმარეს და გაფართოვდნენ. ის საწარმოს კიდევ გაზრდაზე ფიქრობს.

"ახალგაზრდებს ვეტყოდი, სადაც ვცხოვრობთ, იქ ბევრის მიღწევა შეიძლება. ფუტკარს აქვს უფრო მეტი პროდუქცია, ვიდრე თაფლია. ფუტკრის დედის რძე მოთხოვნადია. არის სხვა პროდუქტებიც. ფუტკრების გამრავლებაზეც უნდა ვიფიქროთ. არის ბევრი აუთვისებელი ტერიტორია, სადაც შესაძლებელია ამის გაკეთება. მართალია შარშან ვიზარალეთ, მაგრამ 80% შევინარჩუნეთ. მაქვს მეცნიერებთან კონტაქტი. ტრენინგებსაც ვესწრები და ახალ ინფორმაციებს ვიღებ", - გვითხრა ლერი გუჩუამ.

საფუტკრე მეურნეობის უკან აფხაზეთია. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ქართველი მეფუტკრეები, ორგანიზაციები დაინტერესდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებით, რომლებსაც ფუტკარი ჰყავთ მოშენებული. ამბობს, რომ პანდემიამ ამ ადამიანების ბიზნესიც აზარალა, რადგან ვერც გადმოსვლა შეძლეს ზუგდიდში საჭირო პრეპარატების შესაძენად, რის გამოც ფუტკრები დაეხოცათ. ამასთან, წარმოებული თაფლის გასაღების პრობლემაც შეექმნათ.

თავის მხრივ, "რუხი დედოფლის" დამფუძნებელ თამარ კვარაცხელიას თქმით, მისთვის დიდი მოტივაციაა ის, რომ საზღვრისპირა სოფლიდანაა და აფხაზეთთან ახლოს ხდება ეს ყველაფერი.

"სადაც არ უნდა ჩავიდე და ვისთანაც არ უნდა ვისაუბრო, ყველასთან ავღნიშნავ, რომ ჩემი სოფელი არის საზღვრისპირა. გვაქვს ასეთი სიტაცია აქ და ყოველთვის დიდი სიამაყით ვამბობ - ჩვენი სოფლიდან ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს. რასაც ვაკეთებ, იმისთვის ვაკეთებ, რომ სოფლის სახელი წარვადგინო საზღვრებს გარეთ", - ამბობს თამარი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
15:47 / 05.04.2021
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
12:03 / 08.03.2021
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი
19:09 / 08.02.2021
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
16:35 / 02.02.2021
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.