ვიდეო
სიმღერის სიყვარულით - ჩხოროწყუელი ქალების თერაპია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი არც არაფერი ვიცოდით და გაურკვევლობის შიშით თითქმის ყველაფერი გაჩერდა, ჩხოროწყუში ენერგიის ახალი ცენტრი გაჩნდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა წლების წინანდელი ჩანაფიქრი სწორედ საყოველთაო პაუზის, სახლებში გამოკეტვის დროს აქციეს ნამდვილ "ხმაურად" და ასე ჩამოყალიბდა მოყვარულ მუსიკოს ქალთა გუნდიც.

იურისტი, ბანკის თანამშრომელი, პედაგოგი, მშობელი, ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში სიმღერის სურვილმა და სიყვარულმა გააერთიანა და ყველაზე მძიმე დღეების სტრესსაც ასეთი მხიარულებით უპასუხეს. მათ რეპერტუარში ათამდე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომერია.

ინიციატივა რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლია ჯალაღონიას და ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ სოფიო გოგოხიას ეკუთვნით. ამ გუნდის ჩამოყალიბება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყოო, ამბობს ლია ჯალაღონია, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მხოლოდ 7 თვის წინ მოახერხეს. ბევრი პედაგოგი კარგად მღეროდა, ან უბრალოდ უნდოდა ემღერა, რაც მისთვის მთავარი მოტივაცია გახდა, ამ ყველაფრისთვის გარკვეული ფორმა მიეცა.

"ეს, წელს რესურსცენტრში განხორციელებული საქმიანობებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოა. იცით, რომ ძალიან მძიმე წელი გვქონდა. იყო პრობლემები და ეს ფსიქოლოგიური პრობლემებიც არის, ხომ? ამ დროს ძალიან კარგი ჟესტი იყო - გამოვიწვიეთ ჩვენ აქ კორონა და დავამარცხეთ გუნდის წევრებმა. გვინდა მივცეთ ახალი სისხლი და შესაძლებლობები ამ წამოწყებას", - განუცხადა "ლაივპრესს" ლია ჯალაღონიამ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი არაფორმალური შეხვედრები მეტად აახლოვებს კოლექტივს, ამყარებს ურთიერთობებს. ამასთან, მასწავლებელთა კლუბი სხვადასხვა ღონისძიებას მართავს, რა დროსაც სჭირდებოდათ მუსიკა და მომწიფდა კიდეც ჩანაფიქრი ქალთა გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

ამბობს, რომ იმღერებენ ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ. ამაზე კარგს რას ვიზამთ, ეს არისო ჩვენი სულიერი საზრდო, გვითხრა.

ქალთა გუნდი 11 წევრითაა დაკომპლექტებული. მოყვარულ მომღერალთა შორის, ნატაშა გახარია ერთ-ერთი პროფესიონალი მუსიკოსია - ეკლესიის მგალობელ-რეგენტი და ხალხური გუნდის ლოტბარი. მისი თქმით, მართალია დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო ამ გუნდის ჩამოყალიბება, თუმცა სოფიო გოგოხიას გამარჯვებამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში, გარკვეულწილად პროცესები დააჩქარა. ხალხური და ქალაქური ფოლკლორი, საგალობლები - ამ ჟანრის სიმღერებს მათ რეპერტუარში მოისმენთ.

ჩემთვის ეს გუნდი არის სიცოცხლე, ცხოვრების წყარო, სტიმული. პანდემიის დროს ვიხალისებთ გულს და ჩვენს მსმენელსაც, - ამბობს ნატაშა გახარია.

"ზუსტად პანდემიის დროს ჩამოყალიბდა ეს გუნდი. თოთო ბავშვივითაა, 6-7 თვის გუნდია. სოფიოს წარმატებამ განაპირობა ჩემი მხრიდან, რომ ეს პროცესი დაჩქარებულიყო. სოფოს ჩხოროწყუს მასშტაბით ყველგან იწვევდნენ. თან ყველას უნდოდა, რომ მოწვევასთან ერთად სიმღერაც ყოფილიყო. რადგან ეს ჩანაფიქრი იყო წლების წინ, ამან განაპირობა, რომ აი, ასეთი წარმატებულია ჩვენი ქალაქი და მოდი რა, ჩამოვაყალიბოთ ბოლოსდაბოლოს, გავრისკოთ, გავაკეთოთ", - იხსენებს მუსიკოსი.

მართალია დღეს პანდემიის გამო შეჩერებულია ღონისძიებები, მასშტაბურად აღარ იმართება, თუმცა პერიოდულად იწვევენ და ეს ძალიან ახარებთ.

ქალთა გუნდის კიდევ ერთი წევრი სოფიო გოგოხიაა. ადამიანებს, გარდა პროფესიის და ყოველდღიური საქმისა, აუცილებელია ჰქონდეთო ჰობი. მის შემთხვევაში განტვირთვა სიმღერა აღმოჩნდა. ბედნიერია უბრალო წაღიღინების დროსაც კი. წლებია უნდოდა მუსიკის მოყვარულები შეეკრიბა. მსურველი ბევრად მეტი იყო, თუმცა ზოგი მიზეზთან გამო ვერ მოვიდა. ზოგმაც სცადა, დაიწყო, მაგრამ ვეღარ გააგრძელა.

კვირაში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში მეტჯერაც, რესურსცენტრის შენობის დარბაზში სამსახურის შემდეგ რეპეტიციობენ.

"ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს. თუ სხვამაც გაიხარა ჩვენით, ხომ კარგი, თუ არადა ის ადამიანები ვართ, ვინც მუსიკამ გაგვაერთიანა. არ ვართ პროფესიონალები, მოყვარულები ვართ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ", - გვითხრა სოფიო გოგოხიამ.

როცა პანდემიის გამო ბევრი დათრგუნული იყო, აღარც ტრანსპორტი მოძრაობდა სოფლიდან სოფელში, გუნდის წევრები რეპეტიციებზე სიარულს მაინც ახერხებდნენ. ვინ ტაქსით, ან სულაც ფეხით კილომეტრებს გადიოდა. ძალიან რთულ დროს, ხმამაღალ ნათქვამად შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, მაგრამ ვერ ვიგრძენით პანდემიის პირველი სტრესი, პირველი ტალღის პირველი ელდა რომ იყოო, - იხსენებს პედაგოგი.

სწორედ მუსიკა აღმოჩნდა შესაძლებლობა, შეხიდებოდნენ ერთმანეთს მძიმე წუთებში და მსუბუქად გაეარათ საყოველთაო გაურკვევლობის და შიშის ეპიზოდები. მართალია თავიდან ნიღბებით, დისტანციის დაცვით იკრიბებოდნენ, მაგრამ ეტაპობრივად კორონავირუსი ყველამ გადაიტანა და მერე ერთმანეთისაც იმდენად აღარ ეშინოდათ.

"ისე ძალიან გვინდოდა, თან იმდენი წლის ოცნება იყო და როგორც იქნა განხორციელდა, შედგა. როგორღაც მოვიცალეთ ყველამ, ვერაფერმა ვერ შეგვაჩერა და ასე მგონია, აწიც ვერაფერი დაგვშლის", - ამბობს სოფიო.

მართალია, სამსახურის შემდეგ სიმღერა გარკვეულ დროს ართმევთ, რაც შეიძლებოდა ერთგვარი შემაფერხებელი გარემოება ყოფილიყო. მით უფრო, როცა ზოგს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, ზოგიც შორს ცხოვრობს და ტრანსპორტია პრობლემა, თუმცა მისთვის პირადად, მთავარი მოტივაცია შვილის რეაქცია იყო დედის სიმღერაზე. ახლა სახლში ერთად მღერიან და აღარც ოჯახს გარეთ გატარებული კიდევ რამდენიმე საათია პრობლემა. 

გაზაფხულზე დაგეგმილი ღონისძიება, პირობითი სახელწოდებით "მხოლოდ პოზიტივი", გამწვავებული ეპიდვითარების მიზეზით ვერ შედგა. აქ სიმღერებთან ერთად, აუდიტორიისთვის პედაგოგების მიერ შექმნილი ლექსებიც უნდა შეეთავაზებინათ. თუ როდის, დაზუსტებით არ იციან, მაგრამ სჯერათ, რომ "იმედიანი" საღამო აუცილებლად გაიმართება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
17:52 / 10.06.2021
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის
ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
17:36 / 10.06.2021
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
09:26 / 21.05.2021
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.