ვიდეო
მესტიას პირველად საფეხბურთო გუნდი ჰყავს - ისტორიული მატჩი [ფოტო/ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი. ადგილობრივი და სტუმარი გულშემატკივრის ემოციები.. სულ რამდენიმე წუთიც და მესტიელი ახალგაზრდების მონაწილეობით, ისტორიაში პირველი ამხანაგური მატჩიც დაიწყება. კლუბის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სპორტსმენებს ბოლო მითითებს აძლევს და სასტვენის ხმაც გაისმის.

თითქოს რიგითი, არაოფიციალური დაპირისპირებაა, რომ არა ერთი მაგრამ - მესტიას მისი სპორტული წარსულის მანძილზე, პირველი საფეხბურთო კლუბი აქვს და დღეს ისინი ზუგდიდელ, "ოდიში 1919-ის" ფეხბურთელებს ხვდებიან.

გუნდის ჩამოყალიბება ლევან ქობალიამ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა. ფეხბურთის თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ვერ აიხდინა, რადგან მესტიის მუნიციპალიტეტში არასდროს ყოფილა საფეხბურთო კლუბი, სკოლა ან აკადემია, სადაც ვარჯიშს და პროფესიულ განვითარებას შეძლებდა. სამაგიეროდ, წლების შემდეგ სხვა ბავშვები შემოიკრიბა და წარსულის ოცნების მათთან ერთად ასრულებაც დაიწყო.

ლევან ქობალია: კლუბის დამფუძნებელი

მანამდე იყო არცთუ იოლი გზა. ინფრასტრუქტურის მოწყობის, მცირე მხარდაჭერის მოლოდინი, საჭირო ფინანსების არქონა ინვენტარის შესაძენად. მერე მიხვდა, რომ ჯობდა მუშაობა იმ რეალობის გათვალისწინებით დაეწყო, რაშიც ცხოვრობენ. 17 წლამდელი ახალგაზრები, მისი თანასოფლელები ხაიშიდან და მეზობელი იდლიანის თემიდან, ფეხბურთის სიყვარულით გაერთიანდნენ. სავარჯიშოდ ორი ლოკაცია აქვთ - ხაიშის და იდლიანის სტადიონები. ერთი სოფლიდან მეორეში ხშირად ფეხით უწევთ სიარული, მაგრამ ეს არ აბრკოლებთ.

გუნდს ლევან ქობალია თავად წვრთნის. პირველ ეტაპზე ასწავლის იმას, რაც იცის. პროფესიონალი მწვრთნელის მოძიებას ფინანსები სჭირდება, რომელიც დღეს არ აქვთ, ამიტომ ეს მომავლის საქმეა.

ახლადჩამოყალიბებულ კლუბს არც სპონსორი ჰყავს. ფორმების შესაძენად ფული თავად შეაგროვეს. ბუცები ფეხბურთელებმა იყიდეს. კომპანია "აჭარაბეთმა" ბურთები და ე.წ. ნაკიტკები აჩუქა. დამფუძნებლის მიზანი ახლა გარშემომყოფთათვის იმის დამტკიცებაა, რომ დაფინანსებას იმსახურებენ.

"გადავწყვიტეთ, რა შესაძლებლობაც გვქონდა, რა სტადიონიც გვქონდა, იმ სტანდარტებში ჩავმჯდარიყავით და დაგვეწყო მუშაობა, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე გვქონდა. ვვარჯიშობთ ხაიშში, კვირაში სამჯერ. ზოგჯერ ავდივართ სოფელ იდლიანში, სადაც იგივე ზომის, მინი სტანდარტების სტადიონია 20/40-ზე. სოფლებს შორის მანძილი 15 კილომეტრია. რადგან ასე დაშორებულები არიან ერთმანეთისგან, ხან ისინი ჩამოდიან, ხან ჩვენ ავდივართ. სავარჯიშოდ ეს ორი ლოკაცია გვაქვს", - უთხრა ლევან ქობალიამ "ლაივპრესს" და დასძინა, რომ მთავარი პრობლემა მინი სტადიონებზე ვარჯიშის შემდეგ, სტანდარტულ მოედანზე გადაწყობაა.

პანდემია მესტიელი ფეხბურთელებისთვისაც შემაფერხებელი გარემოება აღმოჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან მოქმედებდა. ახალგაზრდები ვარჯიშზე სიარულს მხოლოდ სკოლის შემდეგ ახერხებდნენ, დარჩენილი დრო კი მგზავრობისთვის და მუშაობისთვის არასაკმარისი იყო.

17 წლის ალეკო ჭკადუას სავარჯიშოდ ზოგჯერ 15 კილომეტრის გავლა უწევს მეზობელ ხაიშში ჩასასვლელად. ამდენივესი უკანა გზაზე. მაგრამ ფეხბურთი ისე ძალიან უყვარს, რომ ეს მანძილი არ ღლის. კლუბის შექმნას თავიდანვე გულშემატკივრობდა. დღეს მთელი მისი ოცნებები დიდ ფეხბურთს უკავშირდება. აი ისეთს, ბრაზილიელი რობერტო კარლოსი რომ თამაშობდაო. ფეხბურთი ჩემთვის ნახევარი ცხოვრებაა - ამბობს და ერთი სული აქვს, მოედანზე მესტიის სახელით პირველად გავიდეს.

"ფეხით იმიტომ გვიწევს, რომ ჩვენთან ცუდი გზებია და ყოველთვის ტრანსპორტს ვერ ვშოულობთ. ფინანსებთანაცაა მგზავრობა დაკავშირებული. ბავშვები ერთად ავდგებით და მივდივართ. იმხელა სურვილი გვაქვს, რომ მანძილი ხელს არ გვიშლის. ძალიან მიყვარს ფეხბურთი", - გვითხრა ალეკომ.

პირველი შეხვედრაა და ემოციაც ძალიან დიდია, - ამბობს გუნდის კაპიტანი, 17 წლის გიორგი ნიჟარაძე, რომლის გოლითაც მესტიელები დაწინაურდნენ. გოლს სტუმარი გულშემატკივრები განსაკუთრებული ემოციით შეხვდნენ.

მართალია ფეხბურთის თამაშის სურვილი ადრეული ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა მაშინ ის მინიმალური პირობებიც კი, რაც დღეს აქვთ, არ იყო. ახლა კლუბის წევრობა მომავლის შანსია. სვანეთის სახელით ასპარეზობაც დიდი სტიმული.

"ყველას გვინდა მოგებები. მონაწილეობა ჩემპიონტებში. ძალიან დიდია მონდომება ჩვენი მხრიდან. ადრე არ გვქონდა საფარიანი სტადიონები. შემდეგ დაიწყო მშენებლობა. თითქმის ყველა სოფელში შეიქმნა ამის საჭიროება. თანდათან უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება ამ საქმეში", - ამბობს გიორგი.

მართალია პირველ ამხანაგურ შეხვედრაში მესტიელები დამარცხდნენ, თუმცა ორი გოლის გატანა შეძლეს და პრინციპში, ეს მხოლოდ დასაწყისია. მეორე გოლი ნიკო დავითიანის ანგარიშზეა. წინ ბევრი შეხვედრა ელით და მოტივაციაც დიდია.

კლუბის ხელმძღვანელობა სამი ასაკობრივი ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს. დააკვირდებიან მათ თამაშს, პოტენციალს, მომზადების ხარისხს და შემდეგ გადაწყვეტენ, ვინ ითამაშებს ძირითად გუნდში და ზოგადად, რომელ ჩემპიონატში შედგება კლუბის დებიუტი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის
ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
17:36 / 10.06.2021
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
14:29 / 07.06.2021
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
09:26 / 21.05.2021
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.