ვიდეო
სმენადაქვეითებულები განათლების მიღმა და უსამსახუროდ - რა გამოსავალს სთავაზობს მათ ხელისუფლება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
თინათინ გიორგაძემ და გურამ კვარაცხელიამ ერთმანეთი ქუთაისის სმენადაქვეითებულთა სასწავლებელში გაიცნეს. მათი საკომუნიკაციო ენა ჟესტები, თვალები და წერილები იყო. დღეს 41 წლის ცოლ-ქმრობა აკავშირებთ და მათი მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებს განვითარებაში ეხმარებიან. სმენადაქვითებულთა უმრავლესობას სწავლაზე ხელი არ მიუწვდება. საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისშია სპეციალური სკოლა, რის გამოც ბევრი განათლების მიღმა რჩება.

თინათინ გიორგაძემ სკოლა-პანსიონატი დაამთავრა და დღეს საკუთარი ხელსაქმე - კერვა და შემოსავალიც აქვს. მომხმარებლებს სახლში იღებს. მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამო, კომუნიკაცია არ უჭირს. სათქმელს აგებინებს და პირიქით. უკიდურეს შემთხვევაში შვილს ურეკავს ფესბუკის ვიდეოზარით, რომელიც ჟესტების ენის სპეციალისტია. სმენა ოთხი წლისას დაუქვეითდა ძლიერი ანტიბიოტიკების მიღების შედეგად.

"9 წლის სკოლაში შემიყვანეს. მასწავლიდნენ მუსიკას, ცეკვას. სიმღერის, ტელეფონის ხმა მესმოდა. ახლა ასაკში რომ ვარ, აღარ მესმის. მენატრება ის ხმები. ბავშვობაში ვერ ვსაუბრობდი. მერე მასწავლებელი დამეხმარა. აუცილებლია სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სკოლა", - უთხრა თინათინ გიორგაძემ "ლაივპრესს".

მომავალი ქმარი, გურამ კვარაცხელია სწორედ ქუთაისში სწავლისას გაიცნო. გურამი მხატვარია. 7 წლიდან ხატავს. სკოლის შემდეგ, თბილისში, თოიძის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. პეიზაჟები, პორტრეტი, ნატურმორტი - ხატავს ყველაზე და ყველაფერზე, რაც მოწონს და აღელვებს. პერიოდულად გამოფენებშიც მონაწილეობს. დედაქალაქში უნდა დარჩენილიყო, თუმცა მამამ არ დატოვა. ზუგდიდში დაბრუნებული ჯერ ფაიფურის ქარხანაში მუშაობდა, მერე მალიარად. 2002 წლიდან სმენადაქვეითებულთა ორგანიზაციას - "ყრუთა კავშირს" ჩაუდგა სათავეში და მისი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები შემოიკრიბა.

ეს სივრცე, რომელიც 1954 წლიდან არსებობს, მხოლოდ ჟესტური ენის შესწავლის, ინფორმაციის მიღება-გაცვლის ადგილი არ არის. აქ მეგობრებს ხვდებიან, ერთობიან. საზოგადოების დიდ ნაწილს მათი არ ესმის და ისინიც ამჯობინებენ, ერთმანეთი იპოვონ, ერთად შეიკრიბონ.

ორგანიზაციის მიზანი სმენადაქვეითებულთა მსგავსად, მცირემხედველთა საზოგადოებაში ინტეგრირებაზე ზრუნვაა. კორონავირუსის გამო, ორი წლის წინ იძულებით დახურულებმა, მუშაობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაახლეს. მანამდე ურთიერთობას ონლაინ ინარჩუნებნენ. დისტანცია კი ყველას თანაბრად მობეზრდა. ცენტრში 70 ბენეფიციარი დადის. 15 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. ენგურის ხიდზე შეზღუდვების სრულად მოხსნამდე, ისინი თანამშრომლობას ასე, შორიდან აგრძელებენ. სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 100-დან 150-მდე სმენადაქვეითებულია. ზოგიერთმა ჟესტების ენა არც იცის.

"ძალიან ძნელია ჩვენნაირი ადამიანების ცხოვრება. ყოველთვის თარჯიმანს უნდა დაუძახო. შეაწუხო. ადაპტირებული არ არის ტელევიზია. ვუყურებ ფილმებს და სპორტს. არ გვესმის მუსიკის, რომელიც გადის. უფალმა ასე ინება. ხმა არ არის ჩემს წარმოდგენაში", - გვითხრა ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისთვის ორმაგად რთული აღმოჩნდა პანდემიაში ცხოვრება, რადგან პირბადის ქვეშ ვერც ტუჩების მოძრაობას არჩევს. ქალაქში ავტომანქანაზე მიკრული სპეციალური სანიშნით გადაადგილდება, რაც ნიშნავს, რომ საჭეს სმენადაქვეითებული მართავს.

განათლებასთან ერთად, დასაქმების აუცილებლობაზე საუბრობს სმენის პრობლემის მქონე გულნაზ კალანდია. ქალაქში იშვიათად დადის. მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, ან ცენტრში მოსასვლელად. ზოგჯერ, აფთიაქი იქნება, საავადმყოფო, ადგილობრივი მერია თუ სხვა, თარჯიმანთან ერთად მიდის, უკიდურეს შემთხვევაში კი, ფურცელზე ნაწერით აგებინებს სათქმელს.

მასთან საუბარში თინათინ გიორგაძის და გურამ კვარაცხელიას შვილი, ნონა კვარაცხელია გვეხმარება. ის დასავლეთ საქართველოში ჟესტების ენის ერთადერთი თარჯიმან-დაქტიოლოგია. პარარელურად მუშაობს ზუგდიდის მერიაში, სოციალური განყოფილების მთავარ სპეციალისტად. ზუგდიდი ქვეყნის მასშტაბით პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც სმენადაქვეითებულებს მათთვის გასაგებ ენაზე ემსახურებიან.

ნონა კვარაცხელია ზუგდიდის "ყრუთა კავშირში" მერვე კლასიდან მუშაობს და ცენტრის ბენეფიციარებს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, აუცილებელი სერვისების მიღებაში ეხმარება. ორგანიზაციის მიმდინარე პროექტია - "ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში", რომელსაც ბულგარეთის საელჩო აფინანსებს. პროექტი გულისხმობს თარჯიმან-მეგზურით, იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას და ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევების სწავლას.

"თარჯიმნის ნაკლებობაა ზოგადად საქართველოში. ვფიქრობთ მათ გადამზადებას. მაგალითად თბილისში, ქუთაისში მოქმედ იუსტიციის სახლებში გადამზადებული ოპერატორები ემსახურებიან სმენადაქვეითებულებს. იმედია აქაც დაინერგება ეს სერვისი", - გვითხრა ნონა კვარაცხელიამ.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა თვითმმართველობის და სახელმწიფოსთვის, შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა. ეს კი კომპლექსური სამუშაოა. ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას თქმით, ისინი სმენადაქვეითებულებს რამდენიმე სერვისს სთავაზობენ. ერთ-ერთია შეღავათიანი მგზავრობა. ამასთან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა ერთჯერად ფულად დახმარებაზე და კომუნალური ხარჯების თანადაფინანსებით ჩაანაცვლა ბენეფიციართავე მოთხოვნით. 4 თვის განმავლობაში თითოს 25 ლარი ერიცხება ამ ხარჯების დასაფარად.

"2019 წელს განხორციელდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა სმენა და მხედველობადაქვეითებულთა ერთობლივ დასვენებას ზღვისპირეთში. შშმ პირები არიან ისეთი მაღალბიუჯეტური პროექტის პრიორიტეტული ჯგუფი, როგორიცაა სახლების მშენებლობა. 2020 წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი სმენადაქვეითებულები ბავშვებისთვის. ეს იყო მაღალი ხარისხის სმენადაქვეითებული და ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის პროცესორის, ან სმენის აპარატის თანადაფინანსება", - უთხრა ნინო სხულუხიამ "ლაივპრესს".

მაქსიმალური ლიმიტი თითოეულ ბენეფიციარზე 15 ათასი ლარია. მიმდინარე პროექტით უკვე ოთხმა მოქალაქემ ისარგებლა.

სმენადაქვეითებულთათვის ახალი სკოლა-პანსიონატის გახსნას განათლების სამინისტრო სამეგრელოში, ან სხვა რომელიმე რეგიონში არ გეგმავს. აქ ამბობენ, რომ მათი პოლიტიკა სპეციალური საჭიროების ბავშვების ინტეგრირებაა საჯარო სკოლებში. სამინისტროს განმარტებით, თუ მშობელი, ვისაც მსგავსი საჭიროების შვილი ჰყავს, მიდის სკოლაში, სადაც არ აქვთ შესაბამისი სერვისი, მიმართავს სამინისტროს განცხადებით. ისინი კი ცდილობენ ამ მოსწავლეებს განათლების ხელმისწავდომობაში დაეხმარონ, იქნება ეს მასწავლებლის გადამზადება თუ საჭირო რესურსებით აღჭურვა-მმარაგება. მაგრამ თარჯიმის გადამზადება დროს მოითხოვს. სამინისტროში ამბობენ, რომ ესმით, პროცესს შესაძლოა სხვადასხვა სირთულეები ახლდეს:

"რა სერიოზულობის პრობლემა აქვს ბავშვს, საერთოდ არ ესმის, თუ მინიმალურად ესმის, ამის მიხედვით დგება საჭროებები, რა კუთხით სჭირდება სკოლას დახმარება. გრძელვადიანი გეგმა ის არის, ინკლუზიური განათლების უფრო მეტი სპეციალისტი შედის სკოლაში".

სამინისტროსგან განსხვავებით, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში სმენადაქვეითებულთათვის სკოლების, კოლეჯის გახსნას ემხრობა 18 წლის მარიამ მიქავა. ის ზუგდიდის "ყრუთა კავშირის" წევრია და თბილისში, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა სკოლაში დადის, რადგან აქ მსგავს სერვისს არავინ სთავაზობს. არც ცეკვა-სიმღერის სწავლა და განვითარება შეუძლია სხვა, იგივე პრობლემის მქონე თანატოლების მსგავსად. დანარჩენ საზოგადოებასთან საერთო ენის გამონახვა უჭირს, ამიტომ მეგობრული ურთიერთობა მხოლოდ მასსავით სმენადაქვეითებულ ახალგაზრდებთან აქვს.

"გვინდა კოლეჯი დავამთავროთ, რაიმე სპეციალობა გვქონდეს და ცხოვრებაში გზა გავიკვლიოთ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ სამეგრელოს რომელიმე მუნიციპალიტეტში, თუნდაც ზუგდიდში, ასეთი სკოლა, კოლეჯი იყოს", - ამბობს მარიამი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
16:48 / 27.07.2021
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ
ვპოულობთ,
20:11 / 20.07.2021
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
10:08 / 17.07.2021
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
10:46 / 07.07.2021
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.