ვიდეო
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“ ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ, - ამბობს 17 წლის ლიზი ჯაფარიძე და თან ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს შორის მისთვის სასურველს ეძებს. აქვე არიან ლიზის მეგობრები, 16 წლის თიკო ნარმანია და თიკო ლაგვილავა.

ბიბლიოთეკის უკვე სტაჟიანი მკითხველები მათთვის კარგად ნაცნობ თაროებზე ყოველ ჯერზე აწყდებიან რაღაც ახალ და საინტერესო წიგნს. გარდა კითხვისა, ახალგაზრდებს ამ შენობაში უკვე ახალი საქმე გაუჩნდათ - "მაგიური ძალა", რომელსაც თავად წიგნების დახმარებით გრძნობენ, სხვებს უნდა გაუზიარონ და დაანახონ. პანდემიის პირობებში, როცა მოქალაქეების ცხოვრება სტრესული და პასიური გახდა, მოზარდებმა ახალი საქმე წამოიწყეს - წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით საინიციატივო ჯგუფი - B612 ჩამოაყალიბეს.

16 წლის თიკო ლაგვილავა გვიყვება, რომ ჯგუფის შექმნის იდეა ბიბლიოთეკის დირექტორ ბესიკ არახამიას მკითხველებთან გამართული ერთ-ერთი შეხვედრისას გაჩნდა. იდეა ყველას მოეწონა და მოზარდებმა მისი განხორციელებაც მალევე დაიწყეს. ჯგუფის სახელწოდება, ლოგო, სოციალურ ქსელში კლუბის გვერდის შექმნა, - ეს და ბევრი სხვა საკითხიც თავად გადაწყვიტეს.

მოიფიქრეს ისეთი აქტივობები, რომლითაც მეტ ახალგაზრდას მიიზიდავენ სამკითხველო დარბაზში. ბიბლიოთეკის დახმარებით ჩაატარეს რამდენიმე შეხვედრა - წიგნისადმი მიძღვნილი სოციალური აქციები, საჯაროდ კითხვის დღეები, საბიბლიოთეკო ბანაკები, წიგნების ეკრანიზებული კინოჩვენებები. მოზარდები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს შედეგი უკვე მოჰყვა:

"გადავწყვიტეთ ახალგაზრდების ფსიქოლოგია შეგვესწავლა და ამის მიხედვით გადაგვეწყვიტა რას ვიზამდით. სწორედ ამიტომაც შევქმენით არაფორმალური გარემო - ფილმის ჩვენება. თუნდაც ბანაკის იდეაც სწორედ მათი ფსიქოლოგიის შესწავლიდან გამომდინარე მოგვივიდა. მოვაწყვეთ "ბარბექიუ ტურიც" და ძალიან ბევრი დაინტერესდა. შემდეგ უკვე წიგნის კითხვა დაიწყეს", - გვითხრა თიკო ლაგვილავამ.

ჯგუფის სახელი B612 ფრანგი მწერლის ანტუან დე-სენტ ეგზიუპერის ნოველის გმირს "პატარა უფლისწულს" "მოპარეს".

ახალგაზრდების განმარტებით, B612 მართლაც ახალი პლანეტაა ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც ოცნებობს, ახალ გამოცდილებებს ეძებს, სვამს კითხვებს და მასზე პასუხების გაცემას ცდილობს.

"ბევრს ვფიქრობდით და რატომღაც უცებ ჩემი საყვარელი წიგნიდან, "პატარა პრინცის" ასტეროიდი, პლანეტა B612 გამახსენდა და უცებ დავაკავშირე ეს განცალკევებული პლანეტა სადაც იზოლირებულია პატარა პრინცი და მხოლოდ თავისი მელა და ვარდი, ჩამქრალი ვულკანი ჰყავს. ჩვენც ასევე ვართ პლანეტა. პატარა პრინცს მოვპარეთ სახელწოდება და დავირქვით B612, სადაც გვაქვს წიგნები და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს აზრს", - თქვა 16 წლის თიკო ნარმანიამ.

კლუბის წევრების ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა "დარჩი ღამე ბიბლიოთეკაში" სოფელ ცაიშში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმისა და სასოფლო ბიბლიოთეკის ეზოში ჩატარდა.

ახალგაზრდებს გაშლილი ჰქონდათ კარვები, მომარაგებული იყო წიგნები, საღამოს კი გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძის და მისი მოადგილის მირიან ხოსიტაშვილის საჯარო ლექცია წიგნიერებაზე.

ახალგაზრდებმა ეროვნული ბიბლიოთეკისგან საჩუქრად მიიღეს წიგნები.

"პლანეტა B612" ეპატიჟება ყველას, ვისაც თავგადასავლები და სიახლეები სწყურია. აქ გაერთიანებული მოზარდები ცდილობენ ყველა იმ დანაკლისის შევსებას, რაც ზუგდიდში აქვთ.