ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე ერთად ჩაუყვებიან დაღმართს, რომლის ბოლოშიც მეგობრები და თანაგუნდელები ელოდებიან. მესტიის პირველი საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელების ნაწილი, იდლიანიდან მეზობელი თემის, ხაიშისკენ ფეხით მიდის, სოფლის მინი სტადიონზე სავარჯიშოდ. ასე ხდება კვირაში სამჯერ. ზოგჯერ იდლიანელები ჩადიან ხაიშში, ხან კი ხაიშელები ამოდიან იდლიანში ვარჯიშისთვის.

ახლადშექმნილი გუნდი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეიკრიბა სპონსორის და ფაქტობრივად ფინანსების არქონის პირობებში. ახალგაზრდებისთვის ეს ფაქტობრივად ერთადერთი შესაძლებლობაა აქ საყვარელი საქმის კეთების - თან ჰობი, თან მომავალ პროფესიაზე ფიქრიც.. 

ერთი სოფლიდან მეორემდე 15 კილომეტრია, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულით და ცარიელი ენთუზიაზმით, ახალგაზრდებს 30 კილომეტრი არ აშინებთ. მესტიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, არც ტაქსი, ამიტომ, უფრო ხშირად ქვეითად უწევთ სიარული. დაღმართების და ძნელად სავალი გზების შემდეგ, რომელზეც მსუბუქ ავტომანქანებსაც უჭირთ გადაადგილება, ფეხბურთელებს მდინარე ენგურზე გადებული საფეხმავლო ხიდი ხვდებათ. ხიდს იქით კიდევ კილომეტრები.

ტრანსპორტი თუ გამოჩნდა, ვინმე ნაცნობი, გავყვებით, თუ არადა და ფეხით გვიწევს სიარული, - ამბობს 17 წლის ალეკო. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, მიუხედავად სირთულისა, იმდენად დიდია თამაშის სურვილი, გზა ისე არ ღლით, რომ ვარჯიშზე ხელი აიღონ. მოსწონს რასაც აკეთებს და ფიქრობს, ფეხბურთს ბოლომდე გაჰყვეს.

"ვიღლებით ძალაუნებურად, ამ სიცხეში რომ მოვდივართ ამხელა გზაზე. დილით ვდგებით და ერთმანეთს ვუკავშირდებით, ვიკრიბებით და გამოვდივართ. უკან ისევ ფეხით გვიწევს სიარული. მერე ძალიან დაღლილები მივდივართ სახლში. თან გვაღამდება კიდეც", - უთხრა ალეკო ჭკადუამ "ლაივპრესს".

დღეს ტრანსპორტთან ერთად, მათთვის პრობლემა ზაფხულის სიცხეებია. ზამთარში თოვლსა და მოყინულ გზებზეც არ იქნება იოლი 30 კილომეტრის გამოვლა. მაგრამ ეს მანძილი არც 14 წლის ონისე დავითიანს აშინებს, რომელსაც თანაგუნდელებთან ერთად სავარჯიშოდ მიეჩქარება. ვარჯიში საღამოს 5 საათზე იწყება, როცა მზე ჩადის და სტადიონზეც გვიანობამდე რჩებიან. დაღამებისას კი სამუშაო პროცესი ნათურების შუქის ფონზე გრძელდება.
"ერთი კვირა ხაიშში მივდივართ, ერთი კვირა აქეთ მოდიან. სანამ შემეძლება, ფეხბურთს გავყვები და თუ არაფერი გამომივიდა, შეიძლება სხვა პროფესია ავირჩიო", - გვითხრა ონისემ.

როდის მოემსახურება მესტიის სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომ დამწყებ ფეხბურთელებს გადაადგილება გაუადვილდეთ, უცნობია. მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ ავტობუსების შეძენა ხარჯებს მოითხოვს, ამის შესაძლებლობა კი დღეს ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს. თუმცა მომავალში, როგორც განმარტავს, იგეგმება შიდა ტრანსპორტის ამუშავება ისე, რომ ეტაპობრივად ყველა სოფელი მოიცვან.

მესტიელმა ფეხბურთელებმა ამ დრომდე სამი ამხანაგური მატჩი გამართეს. კლუბს უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვს - ქვეყნის ჩემპიონატებში თამაში, რისთვისაც აქტიურად ემზადებიან.

მესტიაში პირველი საფეხბურთო კლუბი ხაიშელმა ლევან ქობალიამ ჩამოაყალიბა. ბავშვობაში თავად ოცნებობდა ფეხბურთის თამაშზე, თუმცა დღემდე აქ არც გუნდი იყო, არც ფეხბურთის შემსწავლელი წრე. 2017 წელს გადაწყვიტა გუნდი შეექმნა და სხვა ადგილობრივ ახალგაზრდებს დახმარებოდა განვითარებაში. ოთხწლიანი ძალისხმევის შემდეგ, რამდენიმე თვის წინ, ხაიშელი და იდლიანელი, მეზობელი სოფლების ბავშვები შეკრიბა, ფორმები საკუთარი სახსრებით შეიძინეს და სოფლის მინი, ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ვარჯიშებიც დაიწყეს.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც გუნდის წევრები საუბრობენ, სტანდარტული სათამაშო მოედნის არქონაა. ალტერნატივა მათთვის სოფლის მინი მოედნებია ხაიშსა და იდლიანში. ამიტომ, გასვლით შეხვედრებზე, ამხანაგური შეხვედრების დროს, 11/11-ზე მონაცემების სტადიონებზე გადაწყობა უჭირთ.

"ძალიან რთულია, იქ სადაც თამაშობ 6 კაცით, 11 კაცზე გადაეწყო. უჭირთ ფეხბურთელებს და მეკარეს განსაკუთრებით. აქედან გამომდინარე შეგვექმნა დაფინანსების პრობლემაც. იყო დაპირებები, რომელიც ვერ შესრულდა. ახლა ნელნელა ვიწყებთ განვითარებას. სამი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამივე წავაგეთ, ძალიან სასიხარულო იყო მესტიის კლუბის სახელით თამაში ყველასთვის. მიხარია, რომ ბავშვებს მივეცი შესაძლებლობა, განვითარების, საყვარელი საქმის კეთების", - ამბობს ლევან ქობალია.

მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სტანდარტული სტადიონის მშენებლობაზე. ეძებენ ადგილს, რომელიც მშენებლობისთვის გამოდგება. პარარელურად გრძელდება მუშაობა სპონსორის მოძიებაზეც, რომელიც კლუბის განვითარებაზე იზრუნებს. ბოლო ორ თამაშში კლუბს ადგილობრივი მერია დაეხმარა საწვავით, ერთ შემთხვევაში კი ეს ხარჯები თავად დაფარეს.

"პირველ ეტაპზე რა სიახლეც გვაქვს, მედიაკომპანია არის საინფორმაციო მხარდამჭერი და და რაღაც გარკვეულ თანხებს გვაძლევს. კიდევ ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.. ფეხბურთის ფედერაციას აქვს პროგრამები რეგიონებში. აფინანსებენ ნაკიტკებს, ბურთებს. ჩამოაქვთ ხოლმე და ველოდებით ამ პროგრამაში ჩართვასაც. ეს მინიმალურია პროფესონალი გუნდისთვის, მაგრამ რაც არის, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი", - ამბობს ლევან ქობალია.

მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ამ ეტაპზე ადგილს არჩევენ, სტადიონის მშენებლობისთვის, თუმცა ეს პროცესი რთული აღმოჩნდა, რადგან მიწების უმრავლესობა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ, კერძო საკუთრებაშია და მას ხელს ვერ ახლებენ. რაც შეეხება მინი სტადიონებს, განმარტავს, რომ ადრე მუნიციპალიტეტს ესეც არ ჰქონდა და უკვე ექვსი მოაწყვეს, ორზე კი ტენდერია გამოცხადებული. მერის თქმით, მუნიციპალიტეტს სხვა არაერთი პრობლემა აქვს, რომელთა მოგვარებაზეც ეტაპობრივად, შესაძლებლობების მიხედვით მუშაობენ.

"მოვა ალბათ დრო, როცა ეს პრობლემებიც გადაწყდება სასიკეთოდ", - გვითხრა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

კლუბი "მესტია" აგვისტოდან გეგმავს მოყვარულთა ლიგაში თამაშს. ამ პერიოდს ისინი მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენებენ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის.