ვიდეო
სოფლის ბიბლიოთეკების ახალი სიცოცხლე - ახალგაზრდები ალტერნატიული სივრცის ძიებაში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ყულიშკარის ბიბლიოთეკა ერთადერთი ადგილია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი თვითგანვითარების მიზნით იკრიბებიან. სოფელში სხვა ალტერნატივა მათ არ აქვთ. აქ არც კულტურული დასვენება-განტვირთვის შესაძლებლობაა, არც შემეცნების. ოჯახების უმრავლესობას არც ინტერნეტთან წვდომა აქვს. ამ პირობებში მოზარდები ცვლილებების სურვილმა გააერთიანა. დღეს ისინი გამოსავალს ეძებენ, როგორ შეიქმნან უკეთესი გარემო. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ბიბლიოთეკის ბაზაზე ახალგაზრდული სივრცის მოწყობა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, აქტივობებით ნელ-ნელა სოფლის ინფრასტრუქტურული თუ ინტელექტუალური რესურსი გააუმჯობესონ. ეს მოძრაობა კი ბიბლიოთეკიდან დაიწყეს.

17 წლის ნია შველიძე ყულიშკარის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისი თქმით, ახალგაზრდებს ბევრი რამ სჭირდებათ, თანამედროვე სამყაროში საკუთარი თავის რეალიზებისთვის. მართალია ბიბლიოთეკის რესურსით სარგებლობს და უყვარს მშვიდ გარემოში წიგნის კითხვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. სოფელს ბევრი სხვა პრობლემა აქვს. არ აქვთ კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც თანატოლებთან ერთად უკეთ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, პარარელურად კი გართობას. ბიბლიოთეკა კი ერთადერთი ადგილია, სადაც ამ დანაკლისს მეტნაკლებად ინაზღაურებენ. ახლა ერთ რამეზე ფიქრობს, როგორ შეცვალოს უკეთესობისკენ ეს მოცემულობა, როგორ გააქტიურდეს დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად ცვლილებებისთვის.

"ბევრი რამის შეცვლას ვისურვებდი. მართალია გვაქვს სათამაშო მოედანი, მაგრამ აქაც არ არის ისეთი პირობები, რომ უზრუნველად თამაში იყოს შესაძლებელი. წვიმის დროს გუბეები დგება. ბავშვები წუხან და უკეთესი უნდათ. ვისურვებდი სოფელში იყოს თეატრი. ერთი დიდი სიმოვნებაა თეატრში მისვლა და სპექტაკლების ყურება. ზოგიერთს კაფეები უნდა, რომ წიგნის კითხვა კარგ გარემოში, მეგობრებთან ერთად შეძლოს", - უთხრა "ლაივპრესს" ნია შველიძემ.

მისი თქმით, სოფელში ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ოჯახების უმრავლესობას არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ამიტომ, გარდა სამკითხველო დანიშნულებისა, ბიბლიოთეკაში ახალგაზრდები კომპიუტერით სარგებლობის მიზნითაც დადიან.

"ჩემი და თითოეული ბავშვის მიზანი ის არის,რომ მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ მერიას, რომ გვჭირდება ესა და ეს", - ამბობს ნია.

ნიას ეთანხმება 13 წლის ნინო პროკოპენკოც და მოხალისეობრივ საწყისებზე მშობლიურ სოფელში ცვლილებებისთვის ემზადება. მისი სურვილია ბიბლიოთეკის თანამედროვე მოდელად გარდაქმნა და წიგნადი ფონდის ახალი ლიტერატურით შევსება.

ნინო ფიქრობს, რომ კარგი იქნება ალტერნატიული დასასვენებელი სივრცის შექმნა - სკვერის მოწყობა ტრენაჟორებთან ერთად, რაც ახალგაზრდებს განტვირთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს.

"მოხალისეები პროგრესისთვის" - ასე ჰქვია პროექტს, რომელმაც ყულიშკარელი ახალგაზრდები გააერთიანა. ამისთვის ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრსა და საერთაშორისო ბიზნესსკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. ეს შეთანხმება მუნიციპალიტეტის ათი სოფლის ბიბლიოთეკაში - ზედაეწერში, რუხში, ჭკადუაშში, დარჩელში, ახალკახათში, ორულუში, ახალაბასთუმანში, ყულიშკარში, ჯიხაშკარსა და ახალსოფელში, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობას გულისხმობს.

პროექტის კოორდინატორი ირაკლი ჯიქია ამბობს, რომ ზოგადად, სასოფლო ბიბლიოთეკებში არსებული ვითარება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. განსაკუთრებით პანდემიისას ახალგაზრდების ჩართულობის, წიგნებით დაინტერესების კუთხით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ამ ბიბლიოთეკებში ყოფილიყვნენ ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის აქტივობებს განახორციელებენ და კონკრეტულ სარგებელთან ერთად, მათი არაფორმალური განათლების ხარისხიც გაუმჯობესდებოდა.

"მინიმუმ ათკაციანი ჯგუფები იქნება ამ ეტაპზე ათ სოფელში. ეს არის საპილოტე პროექტი. მოხდება რამდენიმეთვიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. დაგეგმილი აქტივობებისთვის ახალგაზრდებს ექნებათ მინიმალური ბიუჯეტი, რომელსაც გამოიყენებენ თავიანთი გეგმის სრულყოფის მიზნით. დეკემბრის ბოლოს იქნება შეფასება, სადაც გამოვლინდება საუკეთესო მოხალისე ამ ათ სოფელში და საუკეთესო გუნდი და ბიბლიოთეკა, რომელიც ყველაზე მეტ და საუკეთესო აქტივობას განახორციელებს", - გვითხრა ირაკლიმ.

პროექტის ფარგლებში მოხალისეებიგადამზადდებიან. შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. მათ შორის ისწავლიან, თუ როგორ იმუშაონ ცვლილებებისთვის და მოსთხოვონ ზუგდიდის მერიას ცალკეული პრობლემების გადაჭრა.

ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, მეტი თანატოლი მოიზიდონ ახალგაზრდულ სივრცეები. პარარელურად კი იგეგმება ბიბლიოთეკებისგაციფრულება, რათა მარტივად იყოს შესაძლებელი მისი პოვნა გუგლ მეფის, თუ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით.

ათი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ნიშნით შეირჩა. მაგალითად, რამდენიმეში პრობლემა მხოლოდ ახალგაზრდების დაბალი ჩართულობაა. ზოგან ეს სივრცეები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას საჭიროებენ და პირიქით, აქ მეტად აქტიურები არიან მოზარდები. ირაკლი ჯიქიას თქმით, თუ პროექტი წარატებული აღმოჩნდა, მომავალ წელს შესაძლოა 30 ბიბლიოთეკაც მოიცვან.

ამას გარდა, ფიქრობენ დამატებით დონორების მოძიებაზეც, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, ბიბლიოთეკებში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, ეს ძალისხმევა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამიტომ, იპოვიან ისეთ კერძო პირს ან ორგანიზაციას, რომელიც ამ საჭიროებებს გადაუწყვეტთ.

ყულიშკარის ბიბლიოთეკას უკვე ხუთი წელია მაკა შამუგია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი წიგნადი ფონდი აქვთ, სჭირდებათ ახალი, თანამედროვე წიგნები და განახლებული ინვენტარი მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად. ბიბლიოთეკის გამგეს იმედი აქვს, რომ ეს პროექტი მათ ამაში დაეხმარებათ.

პროექტი ზუგდიდის მერიამ დააფინანსა. 5 ათას ლარამდე თანხა ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან გამოიყო. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა ხორციელდება. მათ შორის, მოცემული პროგრამა შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის, შემოიტანონ ინიციატივები და იმუშაონ ამ გეგმების შესრულებაზე.

"ყულიშკარში მემორიალის რეკონსტრუქცია ხორციელდება და ეზოში, სადაც ეს მემორიალია, სკვერი მოეწყობა - დასასვენებელი სივრცე ახალგაზრდებისთვის. მომავალშიც გაგრძელდება მათიმხარდაჭერა და პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება", - გვითხრეს მერიაში.

Print E-mail
Twitter
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.