ვიდეო
როდის დაუბრუნდება ბოტანიკურ ბაღს უნიკალური ხეივანი, კოლხური ბზის აღდგენაში მოხალისეებიც ერთვებიან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა ორგანიზაცია Green For Georgia-სთან ერთად გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის აღდგენის კამპანია დაიწყო. აქცია მოქალაქეების ჩართულობით ბზის ჯანმრთელი ტოტებისგან კალმების დამზადებას და დარგვას გულისხმობს. პირველ ეტაპზე მთავარი მიზანია აღდგეს ბოტანიკურ ბაღში წლების წინ, მავნებელი მწერის ალურას და სოკოვანი დაავადების გამო განადგურებული კოლხური ბზის ხეივანი.

მოქალააქეებს შესაძლებლობა აქვთ მივიდნენ ბოტანიკურ ბაღში სადაც მებაღეები ადგილზე ასწავლიან ჯანმრთელი ტოტის შერჩევას და მისგან კალმის დამზადებას.

ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა ასობით ბზა გასულ წელსაც დააკალმეს. ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კამპანია კი, სულ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო. როგორც ბაღის დირექტორი აცხადებს, ათობით ზუგდიდელი უკვე ჩაერთო აქციაში.

ჯამში 10 ათასზე მეტი ბზის კალამი დამზადდა, აქედან 6 ათასი ახალი აქციის ფარგლებში.

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად კოლხური ბზის ხეივანი მიიჩნეოდა. თუმცა მავნებელი მწერისგან მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 2010 წლიდან მასიური ხმობა დაიწყო. ბაღის გარდა, კოლხური ბზა განადგურდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. მათ შორის მარტვილსა და ჩხოროწყუში. როგორც ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამბობს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გარკვეულ უბნებზე მოხერხდა "წითელ წიგნში" შეტანილი მცენარის შენარჩუნება. სწორედ აქედან მოაქვთ დასაკალმებელი მასალაც:

"ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა იყო კოლხური ბზის ხეივანი, რომელიც ბილიკებზე იყო და ამშვეებდა ჩვენ ბაღს. სამწუხაროდ ბზის ალურამ (მავნებელი) ჩვენს ტერიტორიაზე მთლიანად გაანადგურა. 2018 წელს უკვე ერთი ძირიც არ იყო დარჩენილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ისევე როგორც მთელ კოლხეთში. შარშან დავიწყეთ ბზის დაკალმება. დარჩენილია რამდენიმე ლოკაციაზე საიდანაც ვიღებთ დასაკალმებელ მასალას, ვამუშავებთ და გადაგვაქვს სანერგეში. ეს აქცია გრძელდება და გვინდა რომ დაახლოებით 2024 წლისთვის შევძლოთ და მთავარი ბილიკდან დავიწყოთ ეტაპობრივად ბზის ხეივნის აღდგენა", - თქვა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ.

გარდა იმისა, რომ დაკალმების აქციის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაცია სოცილური ქსელებით ავრცელებს, თანამშრომლები ბაღის სტუმრებს ადგილზეც უხსნიან და სთავაზობენ აქციაში ჩართვას. მათ მოწოდებას სიხარულით დათანხმდა ბაღის ხელოვნურ ტბასთან მოსეირნე კალანდიების 5 სულიანი ოჯახი. მათ სულ 15-20 წუთი დასჭირდათ დაკალმების მარტივი წესების შესასწავლად. იური კალანდიამ ცოლთან და 3 შვილთან ერთად ბზის რამდენიმე კალამი დაამზადა, რომელსაც ანტიბაქტერიულ ხსნარში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ მებაღეები სანერგეში გადაიტანენ.

იური კალანდიას თქმით, ბედნიერი იქნება, თუ მისი ოჯახის წევრების მიერ გამზადებული ბზის თუნდაც ერთი კალამი გაიხარებს და მომავალში ბაღის ხეივანს დაამშვენებს.

"გვახსოვს ბაღის ხეივანი და მისი აღდგენა იქნება ძველი ბაღისთვის ძველი იერსახის დაბრუნება... მოქალაქეების აქტიურობის გარეშე ამას ერთი ან ორი ადამიანი ვერ გააკეთებს. ეს ყველას უნდა აინტერესებდეს", - გვითხრა იური კალანდიამ.

ბოტანიკურ ბაღში ისტორიული ხეივნის დაბრუნება სურს ახალგაზრდა წყვილს, ნიკა შენგელიას და თათია კუხალეიშვილს. ამიტომაც მივიდნენ სანერგეში და მებაღეების დახმარებით ათამდე კალამიც გაამზადეს.

"პროცესი ძალიან მარტივია. მეც პირველად დავესწარი და ძალიან მარტივად ვისწავლე", - თქვა ნიკა შენგელიამ.

მებაღეები საკალმე მასალას განსაკუთრებით უფრთხილდებიან და საჭირო პროცედურის დაცვით ცდილობენ მის გადატანას საგანგებოდ მოწყობილ გრუნტზე. როგორც მებაღე ნონა კურდღელია ამბობს, კარგი მოვლის დამსახურებაა ის, რომ დაკალმებული მასალების დიდი ნაწილი დაფესვიანდა და მალე მისი გადარგვაც იქნება შესაძლებელი.

გარდა დკალმებისა კოლხური ბზის გახარება ბაღში თესლითაც სცადეს და გაამართლა. როგორც დენდროლოგი თამარ თოლორდავა ამბობს მცენარის გახარების კოეფიციენტი 50%-ზე მაღალია, რაც აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ხეივნის აღდგენის შემდეგ ნერგებით მომავალში სხვა ტურისტული ობიექტების მომარაგებასაც შეძლებენ. ბზის ახალი ნერგების დარგვა ბაღის მთავარ ბილიკებზე 2024 წლიდან იგეგმება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.