ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების ყივილი ისმის, ზუგდიდის სოფელ კახათში თოლორაიების ოჯახი იღვიძებს. პირველი 38 წლის ნათია ღურწკაია დგება, შემდეგ კი მისი მეუღლე დამიანე თოლორაია. მათ შვილებს: 15 წლის გიორგის, 13 წლის ბარბარეს და 3 წლის თეოდორეს ჯერ კიდევ სძინავთ.

სანამ მათთვის მამა შეშის ფეჩში ცეცხლს დაანთებს, ნათია თავის ფერმაში მიდის. ახალგაზრდა ქალი პირველ რიგში ინდაურებს, ბატებს და ქათმებს უყრის საკენკს. შემდეგ დგება ღორების ჯერი. პატარა გოჭები აივანზე შუქის ანთებისთანავე ხვდებიან, რომ ნათია მათთვის საკვებს ამზადებს და ჭყიპინით ეგებებიან. სადგომში ჩამწკრივებულია 23 სული ძროხა. ამ ეტაპზე შვიდი მათგანი იწველება. პირუდყვის დაპურების შემდეგ ნათია ძროხების მოწველას იწებს. ოთახში ცეცხლი აგიზგიზებულია და დამიანე ნათიას დასახმარებლად მიდის. მას ძირითადად "შავი საქმეების"კეთება ევალება - სადგომის ნაკელისგან გასუფთავება და ძროხების საძოვარზე გაყვანა.

ეს სამუშაოები ცოლ-ქმარმა სწრაფად უნდა მოესწროს, რადგან ნათია 9:00 საათზე სამსახურში, საბავშვო ბაში უნდა იყოს. მანამდე კი ფერმერი ქალი ცდილობს ბავშვებთან ერთად საუზმობა მოასწოროს. უფროსი და-ძმა სკოლაში მიდის, 3 წლის თეოდორეზე ზრუნვა ბებომ გადაიბარა, ამიტომ ნათიას მშვიდად შეუძლია სამსახურში წავიდეს.

პროფესიით სტომატოლოგმა სხვადასხვა სფეროში მოსინჯა საკუთარი ძალები და ამბობს, რომ არჩევანი მისთვის საყვარელ საქმეებზე შეაჩერა - ფერმა, სასათბურე მეურნეობა და საბავშვო ბაღი. ის სამივე საქმეს წარმატებით უძღვება და მალე საკუთარი ცოდნის გაზიარებას ტრენერის სტატუსით დაიწყებს, სოფლად მცხოვრები ქალების გასაძლიერებლად.

ნათიას კარგად ესმის რამდენად რთულია საკუთარ თავში იპოვო ძალა და ხმამაღლა განაცხადო, რომ ფერმის გაშენება და სასათბურე მეურნეობის მოწყობა გსურს, ეს მაშინ როცა შენი არავის სჯერა და არც შესაბამისი ფინანსები გაქვს.

4-5 წლის წინ საოჯახო საქმეებში ჩაფლულს ხშირად უფიქრია საკუთარი მეურნეობის და ფერმის შექმნაზე, საამისოდ დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მოპოვებაზე და საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლაზე. მაგრამ არ იცოდა სად და ვისთვის მიემართა. მისი ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ ახლობელი ქალის რჩევამ განსაზღვრა:

"თავიდან მქონდა 75 კვადრატზე, ლიმონარიუმის ტიპის სათბური. ერთმა კეთილმა ქალბატონმა მითხრა, ჩვენთან ცენტრში ქალები გროვდებიანო და მიდიო. ზუსტად არ ვიციო, მაგრამ მე მგონი სათბურს აფინანსებენო. ვიფიქრე, მოდი მეც ვსინჯავთქო. მივედი, დამხვდა ფონდ "ტასოს" სათემო მუშაკი. აქ ქალები მსჯელობდნენ, სად უნდა ვიშოვოთო სათბური, კონსტრუქცია... სწორედ ამ დროს მივედი და ვთქვი: შეიძლება თქვენთან გუნდშითქო?. ასე დაიწყო ყველაფერი", - იხსენებს ნათია ღურწკაია.

მოგვიანებით მან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზრდა პროექტით 150 კვადრატული მეტრის მოცულობის სათბურის მოწყობა შეძლო. მოიპოვა ასევე თანადაფინანსება ფონდი "ტასოსგან".

პანდემიის პერიოდში ჩითილებზე მოთხოვნა გაიზარდა და ნათიამაც ბოსტნეულის ჩითლები ბლომად გამოიყვანა. იხსენებს, რომ მის სახლთან მსურველთა რიგები არ წყდებოდა. შედეგად სასათბურე მეურნეობის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობაც შეძლო.

ამ ორგანიზაციების დახმარებით არაერთი სასწავლო კურსი გაიარა და სწორედ ამ შეხვედრებზე გაუჩნდა მეცხოველეობის გაფართოების იდეაც. თავიდან მეუღლესთან ერთად საბანკო კრედიტი აიღო და რამდენიმე ძროხა შეიძინეს. რძის ნაწარმის რეალიზებაც სწრაფად მოახერხეს.

ამის შემდეგ ფერმის გაფართოების სურვილი გაჩნდა. ნათიამ მოახერხა და მერძევეობის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებაც მიიღო. ახალი ფერის მშენებლობაში აქტიურად არის ჩართული ნათიას მეუღლე. სამუშაოები პანდემიამ შეაფერხა, თუმცა ნელ-ნელა პროცესი დასასრულს უახლოვდება.

"აქამდე რთული გზა გავიარეთ. ეს არ იყო ადვილი. ამ ლამაზი სათბურების უკან დიდი შრომაა ჩადებული", - ამბობს ნათია და ამიტომაც კარგად ესმის იმ ქალების, რომლებსაც საკუთარი სურვილების რეალიზებისთვის გამბედაობა არ ჯერ კიდევ არ ჰქოფნით. ახლა სოფელში ის თავად ცდილობს ქალების ხელშეწყობას.

"ზოგადად ქალის ცხოვრება რთულია, იმიტომ რომ ბევრ რამესთან არ არის ხელმისაწვდომობა. იქნებ რამე ვერ გავაკეთო?, - ასე ფიქრობენ. თან ამ საოჯახო საქმეებთან ერთად რთულია. ეს კი, ბიზნესია მაგრამ ყველა ქალს სოფელში უამრავი საქმის კეთება უწევს და ამის გადადება, მოდი დღეს მე ტრენინგზე წავალ მაგრამ ამ ტრენინგს შედეგი თუ მოჰყვება?, - ამის შიშიც აქვთ ჩემი აზრით. ბავშვებს ვერ დატოვებ თუ ოჯახის წევრმა, დედამთილმა, მეუღლემ ხელი არ შეგიწყო, ძალიან ძნელია. თუ ხელშეწყობა არის, პროგრამები არის, მაშინ შეგიძლია შენი გზით იარო", - ამბობს ნათია ღურწკაია.

ფერმერი იხსნებს, როცა სასათბურე მეურნეობის მოწყობა დაიწყო, ირგვლივ მისი არავის სჯეროდა და ხშირად სმენია რეპლიკები, რომ ქალაქში გაზრდილს სოფლად გაუჭირდება - მიწას ვერ დაამუშავებს და ვერც პირუტყვს მიხედავსო. მაგრამ იმდენად დიდი იყო ახალგაზრდა ქალის სურვილი, ოჯახს ძლიერი მეურნეობა ჰქონოდა და გაეზარდა ფინანსური შემოსავალიც, შრომა არ შეუწყვეტია.

"როგორ იწერება ბიზნესგეგმა, ალბათ ესაა ჩემი მოვალეობა, რომ ამ კუთხით სწორი მიმართულება მივცე. როცა სწორ მიმართულებას მისცემ და როცა ის საქმე იცის, დარწმუნებული ვარ ყველა ქალი თვითონაც, თავისთავად მოინდომებს და სხვასაც გააძლიერებს. ცვლილებებისთვის ვიბრძვი, მინდა ყველა ქალი იყოს ძლიერი", - გვითხრა ნათია ღურწკაიამ.

ნათია ცოდნას ახლა "ფერმერთა საველე სკოლაში იღრმავებს". სასწავლო პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტია.

ნათიას მიზანი რძის პროდუქტების თანამედროვე სტანდარტებით დამზადებაა, რათა მისი რეალიზაცია გაზარდოს.