ვიდეო
30 წელი უწყლოდ და მოქალაქეთა აქტიურობით დაწყებული წყალმომარაგების სამუშაოები ნაკიფუში [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ ნაკიფუს მცხოვრებლებს თითქმის 30 წელია წყალი არ აქვთ. ოჯახები ძირითადად წვიმის წყალს მოიხმარენ, საჭმლისთვის და სასმელად კი ცისტერნებით, წყალი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დააქვთ.

ცენტრში წყაროს წყალია, სადაც თითქმის ყოველ დღე ავტომანქანების და ადგილობრივი მოსახლეობის რიგი დაგხვდებათ. 5-10-20 ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით დატვირთულები მოთმინებით, ზოგჯერ საათობით იცდიან.

დარიკო კვარაცხელია ნაკიფუს საშეროზიოს უბნის მცხოვრებია. მისი სახლიდან წალენჯიხის ცენტრამდე დაახლოებით 9 კილომეტრია. ასე ყოველ დღე, ან დღეგამოშვებით, ავტომანქანით 18 კილომეტრის გავლა უწევთ. ხშირად საკუთარ რიგს საღამომდეც ელოდება.

"გვიხარია წვიმის მოსვლა და ველოდებით. აქ მაღალი ადგილია და ჭაში წყალი შრება. სასმელად ამ წყალს ვიყენებთ, სხვა რამისთვის ჟოლობის წყალს", - გვიხსნის დარიკო.

მისი თქმით, ასე ცხოვრობს დაახლოებით 60-მდე ოჯახი.

რადგან იმაზე მეტი წყლის ზიდვა მუნიციპალიტეტის ცენტრიდან, რაც დღეს დააქვთ, შეუძლებელია, გასარეცხად ასეთი რამ მოიფიქრეს - ჟოლობი ერთტონიან ავზს მიუერთეს, რომელიც თავის მხრივ სარეცხ მანქანასაა შეერთებული. ძლიერი წვიმის დროს მის ავსებას დაახლოებით სამი საათი სჭირდება. როცა უნალექო დღეებია, რეცხვა ხელით უწევს.

წალენჯიხის ცენტრიდან დემნა კვარაცხელიას სახლამდე 18 კილომეტრია. ავტომანქანით წყლის ჩამოტანას 20 ლარის საწვავი სჭირდება. მათ, ვისაც ტრანსპორტი არ აქვს, მეზობლები ეხმარებიან. ბენზინის ფულს ზოგჯერ რამდენიმე ადამიანი ინაწილებს.

"დიდი ხანია ასე ვწვალობთ. მე 30 წლის ვარ და წყალი არ მახსოვს", - უთხრა "ლაივპრესს" დემნა კვარაცხელიამ.

ნაკიფუში ჭა მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს, თუმცა ჭა ზაფხულობით, ან მცირე ნალექის დროს შრება. ხათუნა ტაბატაძის ჭით წლებია 4-5 ოჯახი სარგებლობს. მეზობლებს უარს ვერ ეუბნება, თუმცა განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა ძლიერი სიცხის ფონზე წყლის დონე იკლებს, უარის თქმა მაინც უწევს. თავად კი, როცა ჭის წყალი არ ყოფნით, წყალი წალენჯიხის ცენტრიდან დააქვთ ცისტერნებით.

მართალია 2016 წელს სოფელში ჭაბურღილი მოეწყო, თუმცა ვერც იმუშავა და მწყობრიდანაც მალევე გამოვიდა. რადგან სოფლის მოსახლეობა ისევ უწყლოდ დარჩა, ადგილობრივებმა გადაწყვიტეს ყველაფერი ეღონათ, რომ ხელისუფლება იძულებული გამხდარიყო პრობლემა დროულად მოეგვარებინა. ეს პროცესი წლები გაგრძელდა.

მათ არაერთი წერილით მიმართეს წალენჯიხის მერიას, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. პასუხები, ნაკიფუელთა თქმით, ყოველთვის დამაიმედებელი იყო, თუმცა ამ ყველაფერს განვითარება არ მოჰყოლია. მოქალაქეები 2019 წელს წალენჯიხაში ჩამოსულ მინისტრის მოადგილესაც შეხვდნენ და იმ საჭიროებებზე ესაუბრნენ, რის წინაშეც უკვე სამი ათეული წელია დგანან.

როცა არც ამ მცდელობებმა გამოიღო შედეგი, შარშან, მაისში, დახმარებისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიმართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელში ჩავიდნენ ვითარების ადგილზე გასაცნობად. "გამჭვირვალობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას თქმით, მათ მოქალაქეთა აქტიური ჯგუფი დახვდათ, რომლებიც ერთის მხრივ კარგად ერკვეოდნენ, თუ როგორ მოეხდინათ პრობლემების იდენტიფიცირება, მეორეს მხრივ კი თვითმმართველობის სისტემას იცნობდნენ კარგად.

"მათ შექმნეს ერთგვარი საინიციატივო ჯგუფი. მოიარეს თითქმის მთელი სოფელი და დიდი ოდენობით შეაგროვეს ხელმოწერები. ერთია, რომ ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში და ჩვენი საბჭოს წევრები, მაგრამ მათი თანადგომის, აქტიურობის გარეშე ამდენ ხელმოწერას ვერ შევაგროვებდით და ასე მასშტაბურად პრობლემას ვერ დავანახებდით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს", - უთხრა არჩილ თოდუამ "ლაივპრესს".

განცხადებებით, რომელსაც თან სოფლის მცხოვრებთა ხელმოწერები ერთვოდა, წალენჯიხის მერიას და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართეს. საბოლოოდ, მოქალაქეთა თხოვნა ხელისუფლებამ გაითვალისწინა და გასული წლის სექტემბერში, წყალსადენის სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

არჩილ თოდუას თქმით, ეს მაგალითიც ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობა, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის სოფლის, ქალაქის საჭიროებები. პარარელურად კი, ამბობს, რომ თავად თვითმმართველობაც უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარ მოსახლეობასთან ამ ტიპის თანამშრომლობით.

მართალია წყლის სისტემის რეკონსტრუქცია დაწყებულია, თუმცა ნაკიფუს მცხოვრებლების თქმით, სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ირწმუნება, რომ ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები არ შეჩერებულა და დღესაც გრძელდება. ბესიკ ფარცვანიას მტკიცებით, საქმის დაახლოებით 70% უკვე გაკეთდა. თითქმის დასრულდა დაქსელვის პროცესი და დარჩენილია ავზების მოწყობა. მერი ამბობს, რომ პროექტი თვის ბოლოსთვის აუცილებლად დასრულდება და ნაკიფუელებს, ჯამში 200 ოჯახს უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

"ეს არის ორი უბნის წყალმომარაგების პროექტი, საშეროზიოსი და კვარაცხელიას უბნების. პროექტი არ არის შეჩერებული. არ შეფერხებულა სამუშაოები. იყო პროექტებში გარკვეული უზუსტობები. პროექტი დაკორექტირდა. ეს პროექტი იყო მრავალწლიანი შესყიდვა. დაიწყო სამუშაოები შარშან და წელს აუცილებლად დასრულდება ვადებში", - უთხრა მერმა "ლაივპრესს".

ნაკიფუს წყალმომარაგების პროექტის ღირებულება 677 000 ლარია. ეს თანხა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.