ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სინამდვილეში ეს ციფრი ბევრად ნაკლებია. მისი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, შემოსულია რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 40 000.

მინისტრი ირწმუნება, რომ ქართულ მხარეს საზღვარზე კონტროლი უფრო გამკაცრებული აქვს. ქვეყანაში, როგორც ამბობს, 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შემოუშვეს.

"იყო საუბარი, "დოჟდის" ჟურნალისტი არ შემოუშვესო. 180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით. ერთ-ერთი ალბათ "დოჟდის" ჟურნალისტიც მოჰყვა. მესაზღვრე თავად წყვეტს ვინ შემოუშვას და ვინ არა, ამას არ წყვეტს მინისტრი, მისი მოადგილე, კურატორი ან ა.შ. გაწერილი წესია", - აღნიშნა გომელაურმა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ბევრია ჩრდილო-კავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები და სხვები, რომლებიც ჩარჩნენ და ვერ გაემგზავრნენ საკუთარ ქვეყანაში.

"თურქეთში ქირაობენ ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსის გამშვები პუნქტიდან. ესეც ითვლება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად, თუმცა ტერიტორიას ტოვებენ. მათი ნახევარი ნამდვილად არ რჩება, დაახლოებით 3000-ია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა", - განმარტა მინისტრმა.

ოპოზიციური რუსული ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი საქართველოში 6 მარტს არ შემოუშვეს.

"დოჟდმა" ნაუწყებლობა 4 მარტს იძულებით შეწყვიტა. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა აუკრძალა მედიასაშუალებებს, გაევრცელებინათ კრემლისგან განსხვავებული ინფორმაციები უკრაინა-რუსეთის ომზე. ჟურნალისტებს აეკრძალათ შეიარაღებული კონფლიქტისთვის ომი დაერქმიათ.