ვიდეო
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან დევნილი ქალები ჭრა-კერვას სწავლობენ. კვირაში სამი დღე, რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან ერთი მიზნისთვის - ჰქონდეთ საკუთარი ხელსაქმე და დამოუკიდებელი შემოსავალი. ყველაფერთან ერთად კი, ეს სივრცე და შეკრებები, მათთვის არტ-თერაპია და ყოველდღიური მძიმე შრომისგან გამოთავისუფლებული დროა.

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ, უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. საოჯახო საქმეების დაუსრულებელი რუტინის პირობებში, სამსახურის პოვნა ქალებს უფრო უჭირთ, რადგან მათ ხელისუფლება და კერძო სექტორი ვერაფერს სთავაზობს. ამიტომ, გამოსავლის ძიება თავად უწევთ.

სოფიოსთვის, ლელასთვის, ნანასთვის და ანჟელასთვის ასეთი გამოსავალი ჭრა-კერვის სასწავლო კურსები აღმოჩნდა, რომელიც წყოუშში შარშან გაიხსნა. ერთ-ერთმა მოსწავლემ, სოფიო გვასალიამ, ხელსაქმე უკვე ბიზნესად აქცია. კერავს თეთრეულებს, საყელოებს, ფარდებს, მაგიდის გადასაფარებლებს. მომხმარებელს არ უჩივის. ნახელავს წალენჯიხის სოფლებში ყიდის, თუმცა გაცილებით მეტ შეკვეთას სენაკიდან იღებს, სადაც გათხოვებამდე ცხოვრობდა.

"ჭრა-კერვა ყოველთვის მაინტერესებდა. როცა გავიგე ამ შესაძლებლობის შესახებ, სურვილი გამიჩნდა მონაწილეობა მიმეღო. გავიარე სამთვიანი კურსი. შემდეგ ჩაგვიტარდა ტრენინგები, რომლის დახმარებითაც შევძელი დამეწერა პროექტი და გავიმარჯვე. ძალიან სასიხარულო იყო. არ ველოდი", - უყვება "ლაივპრესს" სოფიო.

ადრე მხოლოდ საოჯახო საქმეებით, სოფლის მცირე მეურნეობით იყო დაკავებული, სასწავლო კურსმა და მოპოვებულმა გრანტმა კი, მის ყოველდღიურობას მეტი ინტერესი და სტიმული მისცა.

სოფიო ცოდნის და უნარების გაღრმავებას წალენჯიხის ქალაქ ჯვარის კოლეჯ "ლაკადაში" გეგმავს.

"თავიდან შიში მქონდა, იქნებ ვერ შევკერო, რომ ვერ შევძლო.. ყველაფერი შევძელი", - ამბობს ახალგაზრდა, 31 წლის ქალი.

ჭრა-კერვის ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ ქცევას გეგმავს 53 წლის ლელა ბუკიაც, ყველაზე უფროსი მოსწავლე სასწავლო კურსზე. აქ ყოფნა ახარებს. გარდა საქმისა, მისთვის ეს სივრცე საუბრის, პრობლემების გაზიარების ადგილიცაა. ამხნევებენ და ერთმანეთისთვის არც კომპლიმენტები ენანებათ - "კარგად გამოიყურები", "როგორი ლამაზი ხარ", - არ ავიწყდებათ ერთმანეთისთვის თქმა.

როგორც ლელა ამბობს, მის ენთუზიაზმს ახალი ხელსაქმე შეესწავლა, მეუღლე თავიდან სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა განწყობები მალევე შეიცვალა.

"სირცხვილი არ არისო, ამხელა ქალი.. კაცი რას იტყვისო. რას გავაკეთებ მეთქი სასირცხვილოს. ვუთხარი, რომ რაღაცას ვისწავლი, ახლა ისეთი დროა, არ უნდა გაჩერდე. დამთანხმდა და მოვედი. ახლა ყველაფერშიმხარს მიჭერს. თვითონაც დაინტერესებულია, თუ რამე გამოვიდა, კარგი იქნებაო. ჩემს 12 წლის შვილსაც უხარია. თვითო ხატავს. დედიკო, მეც დაგეხმარები და რაღაც გავაკეთოთო. შემიძლია ჩანთები შევკერო. მოხატვაში ჩემი შვილი დამეხმარება", - ამბობს ლელა.

ძალიან შრომატევად, მაგრამ თანასოფლელი ქალებისგან არაფრით გამორჩეულ ყოველდღიურობაში, დღეს ახალი საფიქრალი გაუჩნდა - საკუთარი საქმე, რომელიც ძალიან მოსწონს და ეხალისება.

ქალი გარესამყაროს არ უნდა მოწყდეს. დღეს ბევრი თავს სწირავს შვილების გამო, იკლებს ყველაფერს და საკუთარი განვითარებისთვის არაფერს აკეთებს,- ამბობს 42 წლის ანჟელა ლატარია, ჭრა-კერვის კურსების კიდევ ერთი მოსწავლე. როცა მისმა თანასოფლელმა გრანტი მიიღო და შემოსავალიც გაუჩნდა, გადაწყვიტა თავადაც მიეყო ხელი ამ საქმისთვის და უკვე დანარჩენებისთვის ქცეულიყო პოზიტიურ მაგალითად.

ანჟელას თქმით, ქალაქში ბევრი რამის კეთება, სოფლისგან განსხვავებით იოლია. აქ კი, დროის სიმწირის გამო, ქალები სახლს ვერ ტოვებენ. ჟანა რამდენიმე წლის წინ ზუგდიდში მუშაობდა, თუმცა რადგან საღამოს ხუთის საათის შემდეგ ტრანსპორტი არ მოძრაობდა და სახლში დაბრუნება დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, იძულებული გახდა თავი დაენებებინა.

დღეს ანჟელასთვის ეს სასწავლო კურსი ახალი შესაძლებლობაა, ისევ ჰქონდეს საკუთარი, ოჯახისგან დამოუკიდებელი საქმე და შემოსავალი.

სოფლად ქალების გაძლიერების იდეა აფხაზეთიდან დევნილ, 30 წლის ამიდა ახალაიას გაუჩნდა. მის სურვილს დაემთხვა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის, "სოხუმის" კვლევა, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მცხოვრებლები ქალების საჭიროებების შესახებ. გაირკვა, რომ აქ არ იყო სამკერვალო და ადგილობრივებს სხვა მუნიციპალიტეტებში უწევდათ სიარული, ტანსაცმლის შეკერვა-გადაკეთების და უფრო წვრილმანი დეტალებისთვის.

სწორედ ამიტომ გადაწყდა წყოუშში ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსების ამოქმედებაც. გამოცხადდა კონკურსი. შეარჩიეს ქალები, რომლებიც უფრო მოწყვლადები იყვნენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს საქმე.

სოფლად მცხოვრებლებს ხშირად უწევთ ქმრის, დედამთილის, თანასოფლელების აზრის გათვალისწინება, როცა საუბარია სახლიდან გასვლაზე, თუნდაც რაღაც ახლის სწავლის მიზნით, თუმცა ამიდა ამბობს, რომ მისმა მოსწავლეებმა ყველა ეს წინაღობა გადალახეს.

პირველ ეტაპზე 6 ქალი გადამზადდა. ხელსაქმის გარდა, ფონდ "სოხუმის" ორგანიზებულ ტრენინგებზე მათ ბიზნეს გეგმის წერა, ფინანსები და მარკეტინგი ასწავლეს. ორმა გრანტიც მიიღო. ისინი უკვე დამოუკიდებლად კერავენ, ჰყავთ მომხმარებელი და აქვთ საკუთარი შემოსავალიც.

"მათ სულზე მოუსწროთ ამ პროექტმა. ერთს მეუღლე არ ჰყავს. ოთხ შვილს ფაქტობრივად მარტო ზრდის. აფხაზეთში ყიდის თავის ნახელავს. ეს სტიმულია იქ მცხოვრებთათვის. მე წესრიგში მაქვს საბუთები.შემიძლია გადავიდე და იქაც ჩავატარო ტრენინგები. მთავარია მათგან წამოვიდეს სურვილი. ჩვენი მოსწავლეების ნაწილი იქიდან გადმოდის. წინა ნაკადის მოსწავლეები აფხაზეთის მცხოვრებლებიც იყვნენ", - გვითხრა ამიდამ.

პირველი სასწავლო კურსის დასასრულს, ქალებმა თავიანთი ხელით შეკერილი ტანსაცმელი სიმბოლურად მავთულხლართებზე გამოფინეს, სოლიდარობის და დახმარების მზადყოფნის ნიშნად.

მეორე ეტაპზე კი 4 ქალი გადამზადდება. ამიდას მოსწავლეები სულ რამდენიმე დღეში მიიღებენ სერთიფიკატებს, ტრენინგებს დაესწრებიან, რის შემდეგაც, კონკურსის გზით ეცდებიან საკუთარი ბიზნეს იდეისთვის გრანტის მოპოვებას.

თუკი სასწავლო კურსი მომავალშიც გაგრძელდა, ახალი ფართი დასჭირდებათ. წელს წალენჯიხის საკრებულოსთან ერთად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქალებისთვის სივრცის მოწყობა დაფინანსდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრების, აქტივობებისთვის. შესაძლოა მომავალში მათ სწორედ ამ ალტერნატივით ისარგებლონ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.