ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა, იტბორება. ძლიერი ნალექის დროს, რაც აქ წელიწადის სხვადასხვა დროს არც თუ იშვიათია, ტერიტორიაზე მოწყობილი სადრენაჟო სისტემა ვერ უზრუნველყოფს წყლის ნაკადის გატარებას. ეს კი საფრთხეს მრავალწლოვან ხეებსაც უქმნის. ბოლო ასეთი შემთხვევა მიმდინარე წლის 23 ივნისს მოხდა, როცა გადაუღებელი წვიმების გამო, 7 ასაკოვანი ხე ფესვიანად წაიქცა. მათ შორის სამი მუხა. ხეები ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა.

სამოქალაქო აქტივისტის, მოძრაობა "ხმის" წარმომადგენელელის ილია ჭანტურიას თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სახელმწიფოსთან ერთად მშენებელ კომპანიასაც უნდა დაეკისროს. ილია ამბობს, რომ ბაღში ისეთი მცენარეები ხარობს, რომელთაც არ უყვართ ზედმეტი წყალი. ამ მასშტაბის დატბორვა კი ხელს სწორედ მათ დაზიანებას და ხმობას უწყობს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ილია ჭანტურია საუბრობს, ბაღის ტერიტორიაზე ქარის დროს ყოფნაა. ამბობს, რომ ყველა რისკი რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რათა საჯარო სივრცეში ვიზიტორებს უსაფრთხოდ დაესვენათ.

ბოტანიკურ ბაღში დასვენება, რომლის აღდგენისთვისაც 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, ვიზიტორებისთვის არც ქარის დროს არის უსაფრთხო და კომფორტული - საუკუნოვან მცენარეებს ტოტები წყდება. ამიტომ, ძლიერი ქარის დროს ბაღის ადმინისტრაცია ტერიტორიას კეტავს.

ილია ჭანტურია ამბობს, რომ დადიანების ბაღის ჭიშკარი სინამდვილეში, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიკეტა, როცა ტარიფები დაწესდა და ადამიანთა გარკვეული ჯგუფების გარდა, ყველა დანარჩენისთვის, ვიზიტი ფასიანი გახდა:

"მათი მთვარი არგუმენტია, რომ ვანდალისტური ფაქტები იყო ბოტანიკურ ბაღში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მთავარი ვანდალისტები თავად გამოდგნენ. რიგით მოქალაქეებზე სურდათ ჯოხის გადატეხვა და საუბარი იმაზე, რომ 2 ლარი თუ არ აქვს ადამიანს, შესაძლებელია მან უფრო მეტად დააშავოს, კლასისტური მიდგომაა. აღმოჩნდა ის, რომ თავად რეკონსტრუქციის დროს დაშავდა ყველაზე მეტი. ბოტანიკური ბაღი გავერანდა სწორედ მათი მოქმედებით და არა რიგითი მოქალაქეების".

ილია ჭანტურიას შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერთან ერთად "მოვაჭრეებიც" აღმოჩნდნენ ტარიფების შემოღებით - მათ ხალხის საკუთრებით ვაჭრობა გადაწყვიტეს.

თავად ილია ბაღს პროტესტის ნიშნად არ სტუმრობს და თანამოაზრეებთან ერთად აპირებს იბრძოლოს მანამ, ვიდრე ბოტანიკურის ჭიშკარი ყველა მსურველისთვის უფასოდ არ გაიღება.

ილიასგან განსხვავებით, თითქმის ყოველ დილა-საღამოს აქაა გოგი გერეხელია. მისთვის, როგორც პენსიონერისთვის, ბაღში ვიზიტი უფასოა. ზუგდიდის მცხოვრების თქმით, ეს სივრცე რეკონსტრუქციამდეც იტბორებოდა. ამბობს, რომ მართალია ბოტანიკურ ბაღში ბევრი რამ შეიცვალა, სადრენაჟო სისტემებიც მოეწყო და მიწაც შემოიტანეს ტერიტორიის გასათანაბრებლად, თუმცა ეს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ბაღის გახსნიდან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიწას ვერ ამოატრიალებ, იმიტომ, რომ აქედან მაღალია, იქიდან დაბალი. ასე იყო ეს ბაღი და რემონტი ვერაფერს გაუკეთებდა. იქ ღობე რომ არ იყოს, არ დაიტბორებოდა. წყალი ვერსად ვერ მიდის. სადრენჟო სისტემა გაკეთდა რამდენიმე ადგილას, მაგრამ ეს ძალიან დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ეტყობა ბაღს იმის ფული არ აქვს, რომ ყველგან გააკეთონ. ამ მხარეს ძალიან დიდი ტერიტორიაა და ათასობით კუბამეტრი მიწა უნდა შემოიტანო, რომ მიწის დონემ აიწიოს და დაქანება არ იყოს", - ამბობს გოგი გერეხელია.

განახლებულ ბოტანიკურ ბაღში რომ პრობლემებია, ამას არც ადგილობრივ ხელისუფლებაში უარყოფენ. ზუგდიდის მერი ამბობს, რომ წელს უჩვეულოდ უხვი ნალექი მოვიდა, რაც ნახევარ საუკუნეში ერთხელ ხდება. ამიტომ, სადრენაჟო სისტემამ ჭარბი ნალექის გატარება ვერ უზრუნველყო. კიდევ ერთი მიზეზი რთული, თიხოვანი ნიადაგია, რომელსაც, მამუკა წოწერიას მტკიცებით, უჭირს ამ ოდენობის წყლის ათვისება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირის თქმით, რეკონსტრუქციის პროექტში, ბაღის მთელ პერიმეტრზე დრენაჟის მოწყობა გათვალისწინებული არც ყოფილა. მათ შორის იმ ტერიტორიაზე, რომელიც იტბორება. მისივე ცნობით, აქ სადრენაჟო სისტემა არც არასდროს ყოფილა.

"რეაბილიტაციის პროექტი არ ითვალისწინებდა ახალ სადრენაჟე სისტემას, გარდა ქვაფენილების და ბილიკების ადგილებისა. აქედან გამომდინარე, თუ რამე ხარვეზი იყო, ეს გამოსასწორებელია. ხარვეზის დამდგენი ჩვენ არ ვართ, ვინ რა შეცდომა დაუშვა. უბრალოდ, პროექტში არ იყო მთლიანი ქსელის მოწყობა. მე ვერ ვისაუბრებ, ვინმეს შეცდომა არის თუ არა. უბრალოდ, რეალობა გვიჩვენებს, რომ ჭარბ ნალექის გატარებას ბაღი ვერ უზრუნველყოფს", - უთხრა მერმა "ლაივპრესს".

მამუკა წოწერია ირწმუნება, რომ შპს "ჯავამ" პროექტით გაწერილი სამშენებლო სამუშაოები ისე შეასრულა, როგორც საჭირო იყო და აქ მისი პასუხისმგებლობა არ იკვეთება. არც მერიის, რომელმაც ბაღი რეკონსტრუქციის შემდეგ ჩაიბარა. მაშინ ვისი შეცდომის შედეგია ის, რაც დღეს ბოტანიკურ ბაღში ხდება, ამ კითხვაზე ზუგდიდის მერს დღეს პასუხი არ აქვს:

"ამხელა ტერიტორიაზე გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება შეიძლება გამორჩეს დამპროექტებელს. ეს არის ახალი რეალობიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის საკითხზე ვიმსჯელებთ. არის პასუხისმგებლობის დამდგენი ორგანოები და ობიექტურად იქნება ყველა ეს ფაქტორი გათვალისწინებული. არანაირად არ მოვერიდებით ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარს".

ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა.

ვისი შეცდომის შედეგია ბაღის ტერიტორიის დატბორვა, ამ კითხვას პირდაპირ არც ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში" პასუხობენ. "ლაივპრესს" წერილობით აცნობეს, რომ პროექტი ინფრასტრუქტურის განახლებას გულისხმობდა და სამუშაოებიც შესაბამისი ჩატარდა. თუმცა, უჩვეულოდ უხვმა ნალექმა "შექმნა არსებული რეალობა და საჭიროება, დამატებით სადრენაჟე სისტემის მოწყობის".

ბაღის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ სტიქიური მოვლენების საწინააღმდეგო ღონისძიებები აქ პრაქტიკულად მუდმივად მიმდინარეობს. ეს სამუშაოები, მათ შორის მოიცავს ღია თუ დაფარული სადრენაჟო სისტემების და არხების მოწყობა-მოწესრიგებას.

რაც შეეხება ვიზიტორთა უსაფრთხო დასვენებას, ადმინისტრაციის განმარტებით, შარშან, აგვისტოში, ხეები გადაბელეს და დაზიანებული ტოტებიც მოაშორეს. პარარელურად კი, დაზიანებულ მცენარეებს მუდმივად აკვირდებიან და შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვის მიღებისთანავე ჭრიან, ან სხლავენ.

კიდევ რამდენი მრავალწლოვანი მცენარეა წაქცევის საფრთხის წინაშე, წერილობით პასუხში დაკონკრეტებული არ არის. ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ ბაღში მოქმედებს "ზე-ხმელ, ავარიულ და დაზიანებულ მცენარეთა შემსწავლელი კომისია, აღწერილია დაზიანებული ხე-მცენარეები და პერიოდულად ხდება მათი ჩანაცვლება".

ბაღში ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად აღმოსავლური ჭადარი შარშანაც წაიქცა. მაშინ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ აქ კიდევ 17 დაზიანებული და წაქცევის პირას მყოფი ხე იყო.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ. მოიწვიეს ექსპერტები, როგორც დენდროლოგები, ისე ლანდშაფტური არქიტექტორები, შესაბამისი კვალიფიკაციის საპროექტო ორგანიზაციები და ტექნიკური დოკუმენტაციაც მომზადდა. ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება, დამატებითი სადრენაჟო სისტემის მოწყობას კი ოპერატიულად შეეცდებიან.

რა თანხები დასჭირდება ამ ყველაფერს, ჯერ უცნობია. არც ის, ვინ გამოყოფს აუცილებელ სახსრებს. მერია ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობას არ გამორიცხავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.